суббота, 21 ноября 2009 г.

ძველი ლექსები

* * *

მოგონებათა
ჩამომემხო თავზე მეწყერი.
ჩემს დაბინდულ სულს აღარ ებადა
იმედი მწირი, რწმენა _ მეჩხერი.

არ მიცქეროდნენ
შენი თვალები გამახელები...
წუხდა მოწყენა და მარტოოდენ
ჩუმად მარცვლავდნენ გამას ხელები.




* * *

ჩავიარე შიშის შარა-შურით
(ცაზე ღრუბელს მოეზიდა ვერცხლის მშვილდი)...
თითქოს თვალი გამაყოლა შარამ შურით...
შენ იდექი უსასრულოდ მშვიდი.

დრო გავიდა დიდი და მე ჯერაც
ღაწვებს მიწვავს სიმხურვალე მწიფე შვინდის _
მიკვირს, მაშინ რანაირად დამეჯერა,
რომ იდექი უსასრულოდ მშვიდი!..



* * *

იდგა დრო მზის გადახრისა,
როცა ქარმა გადახრისა
მკვრივი ღრუბლის, მკვრივი ღრუბლის
ლურჯ-წითელი გრანულები...

თითქმის აღარ მეხსენები...
დაუქსაქსავს მეხს ენები
და ცეცხლები სულში გადამალულები...

აღარა მღლი გაცილებით
და მშვიდად ვარ გაცილებით...
თოვს ფიქრები ფანტელებზე
უმეტესად ქალურები...

იდგა დრო მზის გადახრისა,
როცა ქარმა გადახრისა
შენი ხსოვნის უფერული გრანულები..



* * *

მომწყინდა უშენოდ მოწყენა
და მგონი რაღაცაც მეწყინა,
ცრემლები ავასხი ათასი აბმა...
ოცნება მოთმენანაპარი
აბორგდა, დატბორა ნაპირი
და ვეღარც წამლისამ მიშველა აბმა...

პლანეტას გენერლის მუნდირი
ზედ თავზე ამხია უნდილად
და მთვარე ცახცახებს, ვით აბაჟური...
ჟღრიალებს სამყაროს ეჟვანი,
ფერები მატულობს ვეჟანი,
ხანდახან ერევა ნისლები ჟრუნი...

დავიწყე და ვეღარ ვამთავრებ,
ვაშენებ დარდების სამთავროს,
სად მზე არ აღვივებს ყვავილთა ბუტკოს...
მომწყინდა უშენოდ მოწყენა,
მომწყინდა, მომბეზრდა, მეწყინა...
საშინლად მაწამებს დღეები უტკბო...



მე _ ნიუტონი

მსოფლიო იქცა მღვრიე ლაქად, შემდეგ _ წერტილად,
ბოლოს სულ გაქრა _ აი, თითქოს მოვწყდი პლანეტას...
შორს, სივრცეებში გამოჭყლეტილა
სიწითლის მხურვალე ქულა... ახ, ნეტა
იმ ჰორიზონტზე დამასახლა ცა რომ დაცალა
და დამავიწყა ეს ცხოვრება უშნოდ ნაშენი!..
მაგრამ მაკავებს მიზიდვის ძალა,
არა დედამიწის, არამედ _ შენი!!!



მეგობარი

ხარ მეგობარი:
ნავი _ წყალში, ქოლგა _ წვიმაში,
ხანაც _ ანკესი
ფიქრმღვრიეში ჩემ აზრებისთვის;
თავაწყვეტილი დინებისას აფრა ხარ გემის,
რასაც არ ვამბობ, რასაც ვმალავ
ისიც კი გესმის...
ხარ მეგობარი,
როგორც დიდი, ფესვმძლავრი მუხა,
ჩიტის ოცნების და იმედის თავშესაფარი...
ხარ მეგობარი
აქაც, იქაც, გუშინაც, ხვალაც
და ვერ გახელებს
ავზნიანი დროების ხველა...
ხარ მეგობარი,
ვიცი, არა ერთის და ორის
(და მაინც, მაინც,
მეგულები მე მარტო ჩემად),
რადგანაც ხავსი კი არა ხარ წყალწაღებულის,
მთელი არსებით ხიდადა ხარ გადადებული.
...მოუსვენარიც, დინჯიც, ჩქარიც, ჩაფიქრებულიც,
დაეჭვებულიც, ჯიუტიც და დაჯერებულიც,
ღელვით დაღლილი მოუღლელი და მოუცლელი,
ხან ნაადრევი და ხანდახან _ ნაგვიანევი;
ხან ვერმიმნდობი, უჯიათი, მობერებული,
ვითომ უგულო, ნამდვილად კი _ შიშველი გული!
ხარ მეგობარი!!!
არის სიტყვა ამაზე კარგი,
ამაზე თბილი, უფრო მშვიდი ან უფრო მძლავრი?..



* * *

თოვს, თოვს, თოვს...
ვერაფერს ვუხერხებ თავს...
მიწაზე შლიან თეთრ მოვს,
მოვი თოვლს უბრალოდ ჰგავს...
თოვს, თოვს, თოვს...
ვერაფერს ვუხერხებ თავს
და ფიფქებს მივყვები თითქოს...
ვიღაც თან ნაკვალევს რგავს,
თან შემრკთალ სურვილებს მითბობს...
თოვს, თოვს, თოვს...
სიგრილის სუნი აქვს თოვლს...
ვარაფერს ვუხერხებ თავს...
რაღაც ფარულ ძალას ფლობს
თოვლი და სამყაროს რთავს...
თოვს, თოვს, თოვს...
მიწაზე შლიან თეთრ მოვს,
მიწა თითქოს წმინდანს ჰგავს...
თოვს, თოვს, თოვს....



* * *

არ ვიცი რადგან
მიზეზები, მე ვერ ვმშვიდდები...
ვინც მამშვიდებდა,
ერთი მათგანი
უცაბედად დამემშვიდობა...

არ ველი შედეგს
და არავის მე არ ვედრები...
და მაინც მტკივა
მიწისძვრის შემდეგ
დაბზარული სულის კედლები...



* * *

როცა იმძლავრებს ნება,
როცა გაქრება ტკივილის შიში,
თითიქოს ყინული დნება
და მზის ალერსი შემოდის შენში.

როცა იმძლავრებს ნება
და მარტოობის გაქრება შიში,
თითქოს ჭაობი შრება
და ყველა ვნება ექცევა ჩიხში.

როცა იმძლავრებს ნება
და ქრება სულში სიბნელის შიში,
შენს გვერდით ვიღაც ჩნდება
და, უნებურად, მოწყენას გიშლის.

როცა იმძლავრებს ნება
და ყოველგვარი გაქრება შიში,
თითქოს ტკივილიც ქრება
და უსმენ მზეზე ფიქრების შიშინს.



არ დააძველო

გზები გარჭობილა ღამეში ისრებად,
სისხლისგან იცლება ღამე...
იმ გზას მივუყვებით, ნისლით რომ ისვრება
სიზმრების სირმები და მე...

თოვლში მელანდება წვიმის ყვავილობა,
კვირტის აბურცული კერტი
და ეს მოლანდებაც, როგორც დაღლილობა,
ღამეს ჩაუხრჩვია კენტი...

ფიქრი არიალებს ნატვრებს ნაირფერებს,
ფიქრი მწუხარეა ერთობ...
კი არ დააძველო, ტკბილად დააბერე
ჩემი სიყვარული, ღმერთო!


გაწვიმების ესკიზი

წვიმამ ხელი ამაფარა თვალებზე
(ვერ ხედავდნენ თუმცა ამას სხვები),
მოვინდომე, ვთვალე, ვერ დავთვალე მზე
წვეთზე ანამსხვრევი...

ღრუბელო, რამ შეგიღება ლეგადო
თეთრი თმები მზით ნავარდისფრები?
გადამევლო ცისარტყელის ლეგატო
შვიდფეროვან ფრთებით...



ლექსის წყურვილი

ამ სამყაროდან გაქცევის გზებზე
მოგონებათა შრიალი დამდევს..
ქარები თქვეფენ ღრუბლების ბეზეს
მზით შემღვრეული ნოემბრის დამდეგს.

და იწელება წლწბის წვალება,
როგორც სიზმარი წამიეთური,
სწუხს მარტოობა ჭებისთვალება,
თიმთიმებს თითქოს თეთრად ეთერი...

და მაშინებენ თვალები უხმო,
უცხო და იმედგადაწურვილი.
ოცნებებს ვბოდავ და ქარებს ვუხმობ,
გავრბივარ, მომდევს ლექსის წყურვილი...


* * *

მშიერ-მწყურვალია მეზობელი...
ოხ, გულცივია ეს სოფელი
ზამთრის მზესავით...
ფესვებჩაჩეხილ ხეს მიედრება,
ნუგეშს ცრემლისგან ივედრება
დარდის მლესველი...

იმედმოწყენილი კითხეში ზის,
მაცდური გუნდა ამ ცივი მზის
მოხვდა რომელსაც.
მე მას ჩემებურად ვეხმარები,
რადგანაც ნიჭი შებრალების
ღმერთით მომეცა...

მშიერ-მწყურვალია მეზობელი
და გულცივია ეს სოფელი
ზამთრის მზესავით...

შენი სურნელი

... და მზის ჩასვლამდე ცა ტოკავს განგებ,
ცა როკავს თითქოს სხივთა წასვლამდე...
სულ რომ დავბრმავდე, სუნით მოგაგნებ,
სუნით გიპოვნი, სულ რომ დავბრმავდე!



შენ!

არ მეუარო!
აკმარე ფიქრებს დარდთან თარეში!
ჩემს მტირალ ლექსებს შენ უპატრონე,
როდესაც წავალ მზისფერ ქარეთში!




* * *

გესმის?
მიყვარხარ
ისე ძალიან,
რომ დამავიწყდა ლექსების წერაც!
დარდები ჩემგან მალე წავლიან,
ვიცი და მაკრთობს ეჭვები ჯერაც.

მიყვარხარ!
თითქოს მიყვარდი ადრეც,
მიყვარდი მუდამ ნატვრის ბურანში,
ახლა ჯადისნურ ცრემლებით ნარეცხ
ველზე ნავარდობს ოცნების რაში...

მიყვარხარ,
გესმის?
ისე ძალიან,
აღფრთოვანებულს სულთა სიშიშვლით,
რომ არაფრისთვის აღარ მცალია
და რომ სიკვდილსაც აღარ ვიშიშვი!!!



ეჭვიანი ექსპრომტი საქმროს

ხილი უკვე დამწიფდა, მაგრამ რა მეხილება?!
ეჭვიანი ფიქრი მჭამს თუ უბრალო მხილება.
იარები დამატყვეს უკვე დარდის კბილებმა:
ჩემი ოქროს ბეჭედი ხომ არ გემორჩილება?


თაფლობის თვე

თაფლის მზე ადნობს ქუცებს,
ქუჩებს ნაწვიმარს დარდით,
სული სულს ფერებს ურჩევს,
სიცოცხლეს ზღაპარს ვადრით...
სული სულს ფერებს ურჩევს
ნაოცნებრთა ტყიდან,
ფერებს უცნობ და უჩვევს,
ფიქრი ქარში რომ ყრიდა...
თაფლის მზე ადნობს ქუცებს,
ქუჩებს შემცივნულს დარდით...




უეცარი ლექსი

დატყვევებულა ცისფერსი სივრცე
შორი და მშვიდი...
თრთის ბაგე შენი _ ტოტი მწიფედ
გამონაშვინდი...



* * *

განაზდა ფიჭვი,
გადაევლო თავზე ნაზი მზე...
გამრავლდა იჭვი,
როგორც სოკო ტყესი ნაწვიმზე...



* * *

ორღობე ძველი ლოთკაცივით გადაბრეცილა
და ეს ხეები უკვე ყვითლად გაჭაღარავდნენ.
შემოსდებია მზის კვერცხისგულს ღრუბლების ცილა,
მახსოვს ქარები წვიმებით რომ ზეცას ღადრავსნენ...

მე არ დამწამო სამუდამო დარდებში ცილი,
თუ სიყვარულით ვერ გადუხდი სიყვარულ ვალებს...
შემოსდებია მზის კვერცხისგულს ღრუბლების ცილა
და ახლაც ალბათ, როგორც მაშინ, წვიმა იწვალებს...





* * *

...დამდევს ოცნება და სუნთქვა შენი,
სული თვალებში ამონაშუქი.
შორი და მღვრიე ფიქრის ნარჩენი
მომწყინდა, ჰოდა, ქარებს ვაჩუქე...



* * *

ნააპრილევს წვიმას მოჰყვა
(ცა იძვროდა როცა როკვით)
აპრილივით გამჭვირვალე გოგონა...
ბედი ტლანქად იზმორება,
შენ კი ფიქრში ეს ცხოვრება
აპრილივით გამჭვირვალე გეგონა...

ძაღლი ყმუის... ძაღლი, წუხილს
რომ გიყოფდა ღამით წუხელ,
ძაღლი დარდობს ისინათლო ნათელზე...
შენს თვალებში ბინდებია
და ცრემლები ინთებიან,
ჰა, მოვედი, ტრფობით გაგინათე მზე!


რომ არ მეგონა

რომ არ ველოდი,
რომ არ მეგონა,
ისე ამიხდა ნაოცნებარი...
ხმა სიყვარულის არ გამეგონა,
ვებრძოდი ნაჭუჭს კენტი ლებანი.

უცებ შეაწყდა ცას ცრემლად ლოდი,
ცათა ტორტმანიც დაჰყვა ცემს ნებას,
რომ არ მეგონა,
რომ არ ველოდი,
შენ ისე გავხარ ჩემს ნაოცნებარს!


* * *

ნათქვამი ზოგჯერ უსაშველოდ ახუნებს ყოველს,
ვერ დაგიზახე მეც დღემდე ქმარი...
ურჩმა ფიქრებმა გალაქტიკის სამარე მოვლეს,
შეახსნეს სივრცეს ღიპზე ქამარი...




ეჭვიანი ექსპრომტი საკუთარ თავს

ტირის ჯვარი, ბეთანია და ხახული
მკრთალი სულის გარდარევის ეფემერაში _
ტრფიალება მის თვალებში დანახული
ხომ არ იყო სიყვარულის მეფემირაჟი?


* * *

ჩემში ნაწყენი ატირდა ბავშვი,
ფიქრები სივრცის მიღმეთსი გავსვი,
მაგრამ ოცნებამ ვეღარ დაჯაბნა ეჭვი...
მხრებაცეჩილი ჩურჩულებს შიში
და დამფრთხალ ფოთლებს მიიმწყვდევს ჩიხში
ქარი მოღლილი მღვრიე ღრუბლების ღეჭვით...



მე და შენ

ქარში უქუდოდ დგანან ნაძვები;
გაფითრებულებს სიცივისგან სცვივათ ცინდლები...
ზღაპრებში სევდით აღარ დავძვრები,
რადგანაც ერთად ყველა ლამაზ ზღაპარს ვცილდებით...



არა უშავს

ქარების ტოტრბი ბეჭებზე მემსხვრევა
და მთვარე მაგონებს სიმინდის ულვაშს...
ღამის თბილ ქურქშიც თუ ვეღარ ეტევა
ფიქრი, არა უშავს...

ოთახში სიყვარულს გუნდებად ისვრიან,
სიცივე აწყდედა დაცრემლილ შუშას...
მკრთალ ლანდად გხედავ, რადგანაც ნისლია,
მაინც არა უშავს...


მე ხომ სიყვარულს ვესაუკუნე

მე საუკუნე ვათიე ღამე,
მე საუკუნე ველოდი დილას,
წყვდიადის ბოლოს შენ გამიღიმე,
ღიმილმა დარდი გამიადვილა.

იშმუშნებიან მძინარე მთები,
მთეზე _ ხეების დიაგრამები.
მე მათ ჩრდილებშიც უზომოდ ვთბები,
რადგან სუნთქვაზე სუნთქვით ჩამები...

ვეღარ ვაკავებ ფიქრებს მოღვარულს,
მვესი თვალებით ვლესავ უკუნეთს.
რამ გაგაკვირვა? მე ხომ სიყვარულს,
მე შენს სიყვარულს ვესაუკუნე!!!


* * *

მძულს ეს ლოდინი
მონატრების ტანჯვით ნაკაზმი!
მაწევს ლოდივით
უღიმღამო ფიქრის სარკაზმი...


მზე მზის ჩარჩოში

დილაა კვეთრი, შევდივარ მასში,
რეტდასხმულ ფიქრებს ფარფლებში ვწვდები.
მზე მზის ჩარჩოდან ამოდის მაშინ
და ილეწება წამებად წლები...

და მზის ჩარჩოდან ამოდის, მაგრამ
მზე მზის ჩარჩოში ბრუნდება ისევ,
თითქოს არც იყო, ან სრულად გაქრა,
ანდა შემთხვევით თან გაჰყვა ვისმე...


ამბავი თოვიდან

ქარი ხეებში ხეტიალს მორჩა
და ღრუბლოვანი სტვენით აკაფა,
სველი ბამბები მოსდო მზის მორჩებს
და ჩამოძენძა ფიქრი შავკაბა...

მინდა დავხიო ფიქრი რამეთი
თალხი ძაფებით დანალამბავი _
მარტის თოვლი და
მარტის თვრამეტი _
მუქი, ცივი და შორი ამბავი...


* * *

ყრუ და ცარიელ ნაბიჯებს ვადგამ,
ლამის სიჩუმის გამგუდოს გუნდამ...
დავიარები უგულოდ, რადგან
შენს გულთან რჩება ეს გული მუდამ.


მზის ზვინები

ფიქრებს ვცელავ... გონარეულ ქართან შევლით
გამიშფოთდა ნაზი ნებაც
და მკრთალ ღტუბელს _ ცის უმზეო ყვავილს ვშველი,
მავსებს სულში მზიურ ნისლთა დაზვინება.

ყოფა გრძელი ღამეების თვეა მკაცრი...
მთვარეებიც ტორტმანებენ...
სიყვარულით თრობას, ბედო, თუ არ მაცლი,
წადი, თავი დამანებე!

გამშრალ ღრუბელს _ ცის ურძეო ყვავილს ვწველი
მიწის ნასკვში ნაძინები...
სივრცის გუმბათს მოსტეხია თითქოს წვერი
და სიზმრებად ზიმზიმებენ მზის ზვინები...


ნუ მიმატოვებ!

ჩავეკვირდები ცვარშეპარულ მღვრიე აისებს,
მივხვდები, მოდის გაზაფხული გამხდარწვივება
და მიმოზებით ღიმილს ამივსებს
მზის გაწვიმება...

ჯერ კი ოთახში ჩუმად ტირის სიცივე მინის,
დარჩენილია ჯერ ჰაერში ზამთრის ზმორება.
მიწის ბუდისკენ წვეთებად მიდის
ყინვის მორები...

მომეჩვენება, ძველებურად თითქოს მარტო ვარ,
მაწამებს მჟავე და მომწარო გემოს დარები...
მყვირალობისას არ მიმატოვო,
გემუდარები!!!



* * *

ფიქრმა სიტყვაც ვეღარ მიაწია
(დრო კი მიქრის დღეთა გადალეკვით),
ეჭვის ქარებს მიჰყავთ წიაწია
სიყვარულის ვარდისფერი ლეკვი.


* * *
მთვარეზე სინაზე სიოში გაზავდა,
სინაზე განაზდა მიმცხრალი თვალებით...
ფიფქებით ნაფოთლი სურვილი გაზღვავდა
და ისიც განაზდა, განაზდა, მთვარე ვით...

ყინვამ ცა შეჭედა სადაფის ნალებით,
სადაფის ფიქრები მიემსხვრა სარკმელებს
(სული რომ დაღალეს ულოდნელ გაღებით)...
თუმც ყინვა სინაზის ლიცლიცს ვერ აბნელებს...
* * *
ვერ ბუდარაობს სიმშვიდე სულში.
ნაწყენი წვიმის ღაპღაპი მავსებს...
ჩემს გულწრფელობას სილაღეს უშლი,
შემომაბოლებ სევდების მასებს.

და ტირილივით ბავშვის მაჩუყებს
სუნთქვა თვალების ვნებააშლილი...
სევდა ავგაროზს ცრემლის მაჩუქებს.
გასხვაფერების მახრჩობს წადილი.

ფიქრაცრემლებულ სურვილებს მაკმევს
სიზმრისაც უკვე მღვრიე ძილქუსი...
ღამე ბნელ ფრთებით ასკდება სარკმელს..
ვერ ბუდარაობს სიმშვიდე სულში.



მარტივი წინასწარმეტყველება

ზამთარი მოვა...
ცის ქრიზანთემებს
მოცელავს ქარი ღრუბლის ბაღებში და დაიწყება თოვა...
ზეცის ზეწარზე
ოქროს სირმებით მოქარგული მზე გამკრთალდება,
გამომრილდება
და...
დაიწყება ქრიზანთემების თოვა...
თოვაში გაილევა დღე
და თოვლით აივსება სუნთქვა...
ღამე კი იცურებს მოსასწაულე სიზმრების ზღვაში.
მერე მოიღლება და ისისც გათოვდება..
შუაღამის ნათოვლარი ფიქრები
თავსატეხს გაუჩენს დედამიწას...
მერე თოვაც დაიძინებს,
დედამიწა კი
ჩამონთოვლ ფიქრებზე იფიქრებს.


* * *
მზისფერი სიკვდილის დელგმაში ტორტმანებს სული...
იწვის შემოდგომის წარვის სანთელი...
ოქროს ხმოვანებით კრთის შუქის რექვიემი
და უკანსკნელ ვალსს ცეკვავენ სხივები ცაზე...
მზე უკვე გაბაცდა,
შეგრილდა,
გამტკნარდა.
მალე შეიმოსავს ღრუბლების ბლონდებს,
რომ არ გამოჰკაფოს ზამთარმა მცხუნვარება.
ფრთხიან მზის სხივები ჩუმი მიცვალებით.
თრთიან ხეები.
ცახცახებენ უტყვი ჩრდილები.
ნაზი ტაატით უკანასკნელ პერანგ იხდიან
და მკრთალ ქარს ატანენ ტოტები...
ფოთლებში მზეა და სიყვითლე თბილი.
შესცივათ ხებბს შიშველ ზამთარში...
სულმჭკნარე თბილია...
სიკვდილიც თბილია...
ხეებს ცხელ ფოთლების ცრემლები სცვივათ...


* * *
დარდმა სურდოსავით ისევ შემიქცია...


* * *
ვფიქრობ...
მეშინია....
სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია...

ვწუხვარ...
მეშინია....
სიძილვილიდან სიყვარულამდე ხომ ისიც არ არის...

* * *
შეჭირვებისას
ვის უხმობენ, ნეტა, საშველად,
დედა რომ არ ჰყავთ???


* * *
ღამე შაქარყინულებით იტკბარუნებს პირს...
ორღობეებში დაძინძულებს მშიერი ქარი...
ქარი მიმოქრის ქვითინ-გოდებით,
უღიტინებს მკლავაწეულ ტოტთა იღლიებს,
მწარე ხარხარით ახარხარებს
ტანგაძარცვულ ტყეს,
რომელსაც თვალზე ცრემლს უმკვრივებს
ჭახჭახა ყინვა..
მთვარის სხივოსნობით
ცვარით ანაცრემლი
ღამის სარეცელიც
ყინვით ივერცხლება...
და მემღვრევა სული ქარივით...
უშფოთველი ძილქუშივით დამწკნარი გრძნობაც
კვლავ მიყალყდება,
როგორც უჭმელობით შიმშილის გრძნობა...




კანონზომიერება

გავღიღნი ფიქრის ყუას
და დავიმშვიდებ გულს _
ყველას ვიღაცა უყვარს,
რაღაცა მაინც სძულს.

ნისლი შეერწყა მყინვარს
და ხვადი ელის ძუს,,,
რაღაცა რადგან მიყვარს,
რაღაცა ალბათ მძულს...

ერთს თუ მივუძღვნი უარს,
სხვა მე გადმომკრავს ცულს...
ყველას ვიღაცა უყვარს,
რაღაცა ალბათ სძულს...


* * *

აიკიდა ღრუბლის ბოხჩა
მზერამ, აღმართს როცა მორჩა
მერე კვირტებს ღიმილებზე ვუალერსე...
ჟვავის ფრთხილი სუნთქვის მჭერი
წავიფარე ფიქრის მჭელი...
გაზაფხული ფშვინავს სარკმლის ვუალებზე...



ზამთრის ფრაგმენტი

ბაცი ზამთარი _
ჩონჩხი გამხდარი.
აივნის კიდეს _ ჩურჩხელა ყინვის.
ბუხრის ნაფაზი
ყეფს _ ცის ნაგაზი
და განთიადი ყინვებით ყივის...



* * *

დაპენტილია ტოტები თითქოს
ბატიბუტებით....
ვინ გაწყენინათ, ხეებო, ასე,
რად იბუტებით?




ვედრება

გათეთრებია დარდით ულვაში
და წვეთავს მთვარე ღამის სურაში,
დააწვა მიწას განწყობა ურვის...
ვგრძნობ, წვიმა წამშლის...
ცახცახა წამში
თავბრუ ეხვევა გაუმხელ სურვილს...

ღრუბლის ხარს სახრავს ქარი _ მეურმე.
იმ ხარსაც შვილი ჰყოლია თურმე
და ჩვილის ბადალს ვერეფერს ადრის...
ვედრებას ვბედავ,
ქალწულო დედავ:
მეც მომანიჭე დედობის მადლი!



ბავშვური რწმენა

ოცნებანამშივარს
მჯერა, ვით მჯეროდა
(ეტყობა ჯერ ისევ ბვშვობის ნამში ვარ,
სიწრფელე მომიჩანს ფიქრების ჩეროდან)...

ფერცივი სახლების
თვალები უდენო
ხომ გაბრწყინდებიან, მთვარის ხელნახლები
ციცინათელები რომ დაგავუდენო?..



უცაბედად

შემოდგომის ქარვისფერი დასდევს ნირი
და ღრუბლებით დამტევნილი
თითქოს მობარბაცებს
ცა... და რა ცა!.. უცაბედად გამახსენდა,
როგორ ვკრეფდით დილით შენ და
მე ვარსკვლავებს ბაცებს...



* * *

მითხარი რამე, მითხარი, რაც გსურს,
მატკინე გული!..
ჩვენ შორის ცუდი არარა მახსოვს
და წარსულს ვფურცლავ ფიქრგანაბული...
სათავისთაოდ გზები გაიყო,
წყენაც გალია...
ზუსტად არც მახსოვს, როგორ რა იყო...
რაც იყო, იყო... ვისი ბრალია?




ოცდაოთხსაათიანი მარტოობის შედეგი

ღუბლები მწვანემ დაგესლა ელვამ
და მკვდრები შორეთს გადანთქა ქარმა.
მოსწყინდათ ფიქრებს უწყვეტი გელვა,
სწუხს სულის კარმა...
სხვას მარტოობის დათმობაც უჭირს _
ნაჩვევი კერა უფრო თბილია.
ვისთვის ცხოვრება ყოფნაა ფუჭი...
მზერა ბილიარდს
თამაშობს თითქოს ფერად ბურთებით...
დამტოვებ _ დამნთქავს ტანჯვის მორევი...
ქვეყნად არ არის, როცა ბრუნდები,
ჩემი მომრევი!



მარტი

ეს ქარი თითქოს წვიმის კუდია,
მზეც მიმოქანაობს ჩალის ქუდივით
და ამინდს მარტისას უდგება თავდებად...

ცას ეპარება ვიღაც ქურდული
ნაბიჯით, ყინვას რომ ახსნა ურდული
და სხივის ზღაპრები ამითი თავდება...



სანამ მთხოვდე...

უეცარი წყენა მწყრალად როცა მიტევს,
ვიბუტები...
დამდნარ ფიქრებს
გადმომაღვრი დარდში ნაპატიმრებს.
არ მოგისმენს ჩემი კუშტი ორეული,
მაგრამ გული?
ო, ეს გული,
სანამ მთხოვდე, მანამ გაპატიებს...



* * *

არ დაიჯერო, გეახლება სიმშვიდე ბოლოს,
თუ არ განდევნე ცოდვათ ჯარები...
შორს მზის მკლავებში ალისფრად ბოლავს
ღრუბელი წყევით განაჯერები...

რაღა გააწყონ თვალხუჭულა სუსტმა ცხოვრებმა,
როცა ჰაერში სუნია შმორის
და დარაცრაცებს ჩვენი ცხოვრება
ბოროტებას და სიკეთეს შორის...



* * *

ზაფხულს კარზე მოსდგომის უკვე
ცივი ქარი და წვიმებში წივის,
შემოდგომას (წვიმა სავალს უკვლევს),
სველ კაბაში ლანდი უჩანს წვივის...


* * *

მომბეზრდა სიჩუმით დაღლა,
რადგან სიმარტოვე დალეწილ ფრთებს იქნევს...
ოცნება მახედებს მაღლა,
ვიმზერ ჩამწიფებულ, ჩაქარვულ მთვარის ნესვს...



* * *

ცა დაიფოთლა ფერად ბიშტებით,
როგორც სიზმარში.
მშვიდობის ჰიმნით თურმე შუშდება
საბრძოლო მარში...



სიბერეს ჩავხედე თვალებში

მოხუცის ლანდი _ გამხმარი კუტი...
ხავსდალექილი ლოდების ყორე...
უცებ ფიქრებში აკნავლდა კნუტი
გზად შემთხვევით რომ გადავეყარე...


* * *

ქარი ღრუბლებს რომ გადაამტრედებს,
ცა ფანტავს წვეთებს _ ავტოპორტრეტებს...


* * *

ქარიშხლებმა ქშენით მოაგორეს მზე,
მზე გაწვიმდა ნისლდალექილ გორებზე...


* * *

ჰაერში მსუყე სუნი დადგა მწიფე ტაროსი,
სილურჯემ იწყო აღრუბელება.
სულს გაიავდრებს ალბათ ამლე წვიმით ტაროსი,
ცა გადათქორეს თეთრმა ბელებმა...


* * *
მზე იყო და
არ მათბობდა, მზე თუ იყო მკრთალი.
ვმარტოობდი...
მარტოობის შიშმა გამათავა.
დაუხუჭა
მზეს ღრუბელმა უცებ თვალი ცალი,
გამიწვიმდა,
შენზე ფიქრებს შევაფარე თავი.



* * *

მოუშვი ლექსი დაკოდილი თუ მოხარხარე,
მოუშვი ლექსი ხმაანკარა თუ ცოცხალმკვდარი,
მოუშვი მუზა თავნება და... და მომახარე
ან მომატირე შენი სულის დარი, ავდარი.

ამოიმღერე სიტყვა ცხელი, ცრემლით ნოტიო,
რომ მოღლილ ფიქრებს სანუგეშო უპოვნო გეზი.
ქარი რაცრაცებს ფოთოლცვენის ყვითელ ნოტივით
და იღრინება ნისლისფერი ღრუბლის ნაგაზი.



* * *

ქოშინებს ქარი...
ქოშინებს ქარი მწვანე წიწვებში
და ეფლითება ტანი,
როგორც ოცნებას
გატარებულს დარდის საცერში...

ბავშვური თრთოლვით
მეღიმილება ციდან ვარსკვლავი,
რომელიც ჩაქრა ალბათ;
რომელიც ჩაქრა
ალბათ უკვე დიდი ხნის წინათ...

და იხატება
ჰაერში ფიქრის მფრთხალი ლიცლიცით
დაუძლეველი სევდა,
დაუძლეველი,
შეუცნობი
მსოფლიო სევდა...



შემოდგომა

შუქჩრდილები უცახცახებთ ბალბათ,
მიწამ წვიმა მკერდზე მიიმძივა.
მზემ ღუბლებში მიიძინა ალბათ,
მძემ ღრუბლებში ყვითლად მიიძინა.



ისე დამაბერე...

ღამე მოქაქანე ქარით გალახული
სევდის სასთუმალთან აღარ მელოდება.
მავსებს სიყვარულის სუნთქვა არნახული _
სითბო, სიცოცხლეში რომ არ მეორდება.

ჩიტებს აუკენკავთ პურის ნამცეცები,
ფიფქი საცეცებით სარკმელს ეფერება.
ზამთრის სიმარტოვე თვალებნაცეცები
ისე გაჭაღრულა, როგორც დაბერება.

ყინვა ალაპლაპებს მძინარ შუკა-შარებს,
გადაფითრებულან მინდვრები ტიალი.
ისე დამაბერე, ღმერთო, ამაშორე
თოვლში სინანულის ცრემლით ხეტიალი!..


* * *

მოვედი ზღვებით სულატალღული,
დარდის ჯღრდეებით უნუგეშოდ გადატოტვილი.
ხელისგულებზე დაგიგდე გული,
გულამოყრილი ცხოვრებაზე, მკრთალი ვით ცვილი...

უნდა გაბედო! _ მითხარი თითქოს, _
დასძლიე შიში, სიყვარული უნდა გაბედო!
მე საპასუხოდ არარა მითქვას,
ეგ იყო მხოლოდ, ცრემლი წამსკდა საუცაბედო...

და ოცნებების იწყო აღლუმი,
არ დამრჩა წყენა, ტკივილი და დარდი პატარა.
მოვედი ზღვებით სულატალღული
და სიყვარულმა ტალღა თავზე გადამატარა.


პირობა

განშორებაზე სწუხან ხეები,
ტირიან ფიქრის ხოდაბუნები...
ხომ დაბრუნდები? _ ჩამეკითხები
და მეც გპასუხობ: ხო, დავბრუნდები!

დამატყდა ჭექა თავს მეყსეული,
დამეტყო მეხის ხმა იარებად.
იმ ობოლივით მითრთის სხეული,
ცივ ლეშტერში რომ დაიარება.

და მზე კი ლოკავს პაწია ფიჭებს,
ფიჭებს ავსებულს თეთრი თაფლებით,
თუთის ტოტები ძლივსღა რომ იჭერს...
მე შეზე ფიქრით მოვინათლები...

სავსეა ისევ ცრემლის კათხები,
სევდის ღელავენ ხოდაბუნები...
ხომ დაბრუნდბი? _ შენ მეკითხები...
_ აუცილებლად! ხო, დავბრუნდები!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий