суббота, 21 ноября 2009 г.

...და სხვა...

*









 * *
ყოველდღე მგონია, სამუდამოდ გემშვიდობები
და როცა გხვდები,
ასე მგონია, უცებ გიპოვე.
არ გკარგავ, მაგრამ მუდამ დაგეძებ,
არ გკარგავ, მაგრამ ხელახლა გპოულობ,
არ გკარგავ, მაგრამ განშორება მიმძიმს
და მაშინებს დაკარგვის შიში.


* * *
შენ იცი ჩემი ყველა ფიქრი,
ყველა დარდი,
ყველა უაზრო აზრი;
იცი ყველა მიმოხვრა ჩემი სულის;
იცი, რა მიყვარს, რა მწყინს და რა მიხარია;
შენ იცი ჩემი ,,არ ვიცის” სიღრმე,
შენ იცი, რაც მე არ ვიცი ისიც.
შენ იცი ყველაფერი ჩემზე,
ჩემში,
ჩემს ირგვლივ;
შენ იცი ჩემი ყოველი ნაბიჯი
და მეშინია _
გაქცევა რომ მომინდეს,
ვერ გაგექცევი.


* * *
ყოველთვის, როცა უზომოდ მინდა გულში ჩაგიკრა,
მე მეკარგება ყოველგვარი შეგრძნება ხორციელების...
მიყვარხარ უზომოდ, სიგიჟემდე, ცრემლებამდე...
რომ შემეძლოს იმ თილისმად ვიქცეოდი, რომელსაც ვერასდროს მოიშორებდი...
რომ შემეძლოს ხელში აგიყვანდი პატარა ბავშვივით,
რომ შემეძლოს...
...სამყაროდან გაქცევა, რომ შეიძლებოდეს,
ხელს ჩაგჭიდებდი და გავიქცეოდი...


* * *
არ მყოფნის დრო რომელსაც შენთან ერთად ვატარებ.
მთელი სამყაროს დრო არ მეყოფა, რომ შენთან ერთად ყოფნა მეყოს
და, მით უმეტეს, რომ მომწყინდეს...
ერთი სურვილის ასრულებას რომ ,,მპირდებოდეს” ბედი თუ ცხოვრება,
ვინატრებდი, ეს გრძნობა სიცოცხლის ბოლომდე გამყოლოდა
და თუ მეცოდინებოდა, რომ ვკვდები,
შენ გთხოვდი, თვალები დაგეხუჭა ჩემთვის.


* * *
რომ მოინდომო დათვლა იმისა, თუ რამდენჯერ მახსენდები დღეში, ვერ შეძლებ, რადგან სულ მახსოვხარ და არ მახსენდები. მაშინაც კი მახსოვხარ, როცა საქმით ვარ დაკავებული და როცა სხვა რამეზე ვფიქრობ... როცა სხვა რამეზე ვფიქრობ, მაშინაც კი ერთი უცვლელი ფიქრით ვარ დაკავებული და ეს ფიქრი არ მღლის, არ მწყინდება... შეიძლება, ეს სიტყვები გადაჭარბებად ჟღერს, შეიძლება... მხოლოდ შენ იცი ამ სიტყვების სიმართლე და სიმართლის სიღრმე; ამ სიტყვების სიმძაფრე და სიმარტივე. სხვა ამას ვერ გაიგებს და არც ვაპირებ, ვინმეს ავუხსნა, რადგან ვიცი ასეთი რამ არავის განუცდია და თუკი რამ არის ცხოვრებაში მარადიული ან ხანგრძლივი მაინც, ეს ურთიერთობა იქნება.





* * *
,,მე სანამ შენამდე მოვედი, ძალიან გადავიღალე”,
მაგრამ არ ვაპირებ, ჩემი დაღლილობით დაგღალო;
არც გამომივა,
რადგან შენ ერთადერთი ხარ,
ვისთანაც ვისვენებ.


* * *
საშინელი შიშით ვივსები, როცა რაიმე ხიფათს ვხედავ, ხიფათს, რომელიც შეიძლება შენ დაგემუქროს; ამის გადატანა არ შემიძლია! შენ მკითხავ: ,,რა მოხდა? რა გჭირს?” მე გიპასუხებ: ,,არაფერი”. შენ გეცოდინება, რომ ეს არაფერი რაღაცას ნიშნავს, მე კი არ მეცოდინება, ზუსტად რას ვგრძნობ ან რა უნდა ვთქვა და _ როგორ. შენ გაგეცინება, რადგან ზედმეტად ჩათვლი ამ შიშს, მე კი ვიტირებ, რადგან მანამდეც მინდოდა ტირილი და ვერ ვხვდებოდი ან ვერ ვახერხებდი.
საშინელი შიშით ვივსები, როცა მარტო ვრჩები (მარტო ანუ უშენოდ). მე ვტირი და შენ ეს არ იცი, შენ არ იცინი, შენ ჩუმდები და მე ვიცინი ცრემლიანი თვალებით, რადგან ვიცი, შენც იმას გრძნობ, რასაც _ მე...
* * *
მინდა, მუდამ გვერდით მეგულებოდე
და როცა ცხოვრება დამღლის,
თავი მოგადო და ვიტირო.

* * *
მინდა მარტივად შემეძლოს ცხოვრება და ფიქრი, ან სულ არ შემეძლოს ფიქრი...

* * *
მე შემიძლია ხელით შეგეხო, ხელისგულებით დაგკოცნო და ეს იქნება ყველა კოცნაზე მხურვალე და ძლიერი კოცნა, რომელსაც ვერ შეედრება ვერანაირი ვნება.


* * *
მსურდა სიცოცხლის ფასად მეყიდა სიყვარული, მეყიდა კი არა, გამომესყიდა ან, უფრო სწორად, მომეპოვებია სიყვარული თუ სიყვარულის უფლება, მაგრამ შენ არ გაიმეტე ჩემი სიცოცხლე და მე ,,გამიმეტე’’ სასიცოცხლოდ.



* * *
როგორ მიყვარდა ქარისა და წვიმის ხმები... როგორ მიყვარდა გაზაფხულის მუსიკა!..
აგერ ამდენი ხანია, ერთი ხმა მესმის და ერთი ხმის გაგონებაზე ვფიქრობ... აგერ ამდენი ხანია, ერთ სახეს ვუმზერ ცზადში და ფიქრში. რამდენი ხანია თვალებში მიდგას ეს სახე, რამდენი ხანია ყურებში მიდგას ეს ხმა... რამდენი ხანია აღარ მომისმენია წვიმისა და ქარის ხმები და ისე გაზაფხულდა და დაზაფხულდა, რომ არ მომისმენია გაზაფხულის და ზაფხულის მუსიკა.
...გაზაფხულია... აი, დღეს ქარია, წვიმს კიდეც. მე მესმის ქარის ხმა და წვიმის მუსიკა, მაგრამ მენატრება სხვა ხმა, ხმა, რომელიც ყურებში მიდგას. ეს ხმა მჭირდება, რომ დავმშვიდდე, ეს ხმა მჭირდება, რომ მარტოობა არ ვიგრძნო, ეს ხმა მჭირდება, მჭირდება, მჭირდება... და მესმის ეს ხმა, მაგრამ ფიქრებში... ფიქრებში ფიქრებით ვიჭერ ამ ხმას, ხმას, რომელიც ყურებში მიდგას, ხმას, რომელსაც ფიქრებსი ფიქრებით მიგზავნის ის ერთი, რომლის სახეც თვალებში მიდგას, ვისაც Qირდება ჩემი ხმა, რომ დაღლა დაავიწყდეს და მოუსვენრობა მოიშოროს და დამშვიდდეს... ფიქრებში ფიქრებით ვეფერები, თვალებით ვეფერები, თვალებით, რომელიც მე აღარ მეკუთვნის, რომლებიც თავისით ირეცხება ცხელი ცრემლებით, როცა მასზე ვფიქრობ... ფიქრებში ფიქრებით ვეფერები და მის ფიქრებს ვისმენ...
...გარეთ ქარია და წვიმის ხმა ამძაფრებს ქარის მუსიკას... არ მინდა ეს ხმები, არმინდა მარტოობა!.. არ მინდა მესმოდეს, რა ხდება გარეთ, რა ხდება ირგვლივ... არ მინდა გაზაფხულის, ზაფხულის მუსიკა... მინდა მისი ხმა ახშობდეს ყველაფერს, მათბობდეს, მათრობდეს, მართობდეს, მთენთავდეს, მასვენებდეს, მაძინებდეს, მაღელვებდეს, მაშფოთებდეს და... თუნდაც მატირებდეს, ოღონდ მესმოდეს!...

* * *
ჩემს მონატრებაზე რა უნდა გითხრა, როცა ხელებს ენატრებოდი, როცა თვალებს ენატრებოდი, როცა სუნთქვას ენატრებოდი... და ვგრძნობდი საკუთარ სხეულს ასე დანაწევრებულს და მონატრებით ატკივილებულს.
...ამ ოხერმა გულმა კი მაინც ყველაფერს გაუძლო...



* * *
ასე არავინ მყვარებია,
ასე არავინ მომნატრებია,
ასე არავის მოვფერებივარ,
ასე არავისთვის მიკოცნია,
ასე არავის დაუპყრია ჩემი სული,
გული,
გონება,
ფიქრი და
სხეულის ყოველი ნაკვთი.
მე მარტო გულით კი არა, სხეულის ყოველი წერტილით ვგრძნობ
შენ სიახლოვეს.


* * *
გაურკვევლობის და სევდის სუნი ასდით ჩემს ფიქრებს,
როგორც კოცონთან ჯდომს აჰყვება ხოლმე
ალში ნაწრთობის ხის მღვრიე სუნი.







Комментариев нет:

Отправить комментарий