четверг, 15 октября 2015 г.

ბოლოდროინდელი

* * * 
ცა თეთრია და 
თითქოს ცრის თოვლი,
თითქოს ყინვაა...
ზამთრის ტრიადა
დარღვეულა სითბოთი, 
წვიმით,
რბილი ნესტით 
და ზღვის სურნელით გაჯერებულ პირსახოცებით...
ცა თეთრია და 
არც მზე, არც მთვარე ხელ-პირს არ იბანს,
მაგრამ თბილა და 
ღამის ჟინჟიღლი თრთოლავს ცხელ ბათუმს...
ცა თეთრია და
რიარია გააქვთ წვრილ წინწკლებს,
მანქანებს,
შუქებს,
მაღალ ქუსლებს
და ფერად ქოლგებს.
ცა თეთრია და 
თეთრი სუნთქვა გადაჰკრავს კენჭებს,
შავ ასფალტს,
ტალღებს,
სანაპიროს
და მწვანე შუქში მოხასხსე მოთენთილ პალმებს.
ცა თეთრია და 
მონატრების ღრუბლებში ვცურავ....
თეთრია ფიქრი, ფიქრი ზღვაა და ზღვასავით ვღელავ...
და ზღვაც თეთრია,
ეს შავი ზღვა უთეთრესია,
უახლესია,
უმრწმესია,
უძველესია,
როგორც ეს ფიქრი, 
როგორც ეს გრძნობა, 
როგორც ეს წვიმა,
ეს ბათუმის თბილი სითეთრე....
ცა თეთრია და 
აივნიდან გადავცქერი თეთრღრუბლა ბათუმს,
რომელსაც დიდი მონატრების ლეშტერი ათოვს...

* * * 
ახალსახლების მწვერვალებზე მზე აიწოწა, 
სახელვცლილ ქალაქს ხვარტავს. 
ძველებურია მხოლოდ მზე და ლურჯი შავი ზღვა, 
სად ცის სილურჯე ტაღებში ატანს.
შეიმღვრა ცა და დარაი გაშალა ზღვაზე -
პატარძლის თეთრი ფატა.
ღრუბელმა სახლის კენწეროზე გაიჭრა ხელი
და მისი სისხლი ძარღვებში ატანს.
რბილია წვიმა ბათუმური, როგორც ჰაერი.
ქარი ლივლივით არღვევს
ტალღის ქოჩრების თეთრ არშიებს და მუქ მაქმანებს.
მიერეკება მწყემსი სადღაც ღრუბლების არვეს.
წვიმს... იჟღინთება ჰერი და გაურბის ხვარტი-
ხარობს თეთრწვერა წვიმა.
ხანდახან წვიმაც სახალისო ყოფილა ზღვაზე,
თუ კი წვეთები გულამდე მივა...
წვიმს და ბათუმი ნეტარყუჩობს თეთს სიგრილეში.
ზღვა იზმორება თითქოს.
კარგია წვიმაც ზოგჯერ ზღვაზე,- ვამბობთ და გულში
მზის მოლოდინი ცეცხლისფრად ითოვს...

ბათუმი
12.09.2015


ჩემს მეშვიდეკლასელებს 
ტკივილი ამეკვიატა
(ვეღარ დავწერე ლექსი
– დარდი, სულ ერთი მტკაველი
და გული უნისლესი... 
ფიქრები ცადასვეტილა
ჩემი შენი თუ სხვისი,
და პულსი, თითქოს წყვეტილი,
წვალობს, წივის თუ სივის... 
სევდა მკარნახობს სტრიქონებს,
სევდავე მართმევს რითმებს...
დარდის ბარათებს გაგროვებ
კვლავ და... ფიქრს ფიქრში ვითრევ... 
რატომ ვერ ჩემობთ ერთმანეთს,
რატომ ვერ უსმენთ გულით?
მართლა არ ვიცი, ღმერთმანი,
სათმელს შორიდან ვუვლი...
 მზისგან ისწავლეთ ფერება,
კლდისგან  - უტეხად გლოვა!..
და ცისარტყელასფერება
განცდა თავისით მოვა
გულს თუ გაუღებთ გაზაფხულს,
ჭიკჭიკს თუ ასმენთ მერცხლის,
ფიქრებს შიშისგან დაზაფრულს
ვერცხლის წკრიალი შეცვლის.... 
დარდმა გულს გადაიარა
შავი ფიქრების ლესვით,
ვერ მოგიშუშეთ იარა,
მაგრამ დავწერე ლექსი... 
თითქოს გაბმული კივილით
ცას დაებზარა სარკე...
რად მინდა ლექსი, ტკივილებს
თუ კი ვერაფრით ვარგე?.. 
აბა, ცას რაში არგია
ცრემლშეპარული ლექსი?
თუმცა, ეს ლექსიც კარგი,
რადგან....                         
         ...მე თქვენი მესმის

2015
. 2 აპრილი
ღამის 2 საათი



* * *
  
ბროწეულებივით სკდებიან ფიქრები...
ბროწეულებივით წითლდებიან
და იმარცვლებიან
ტკბილ წვეთებად,
სისხლის წვეთებად,
ნატვრის წვეთებად...
იგრიხებიან ნერვების თოკებად,
მერე ცვდებიან
და წვრილდებიან,
და ძაფდებიან,
ბეწვისხიდდებიან...
და მთვარეულივით
ბარბაით დავდივარ ამ ბეწვისხიდებზე
და მეწვის ხიდები
ოცნებებში აგებული,
და მეწვის ხიდები
განშორების მორევებზე გადადებული,
შენკენ მომავალი...
როცა შენზე ვფიქრობ,
ბროწეულებივით სკდებიან ფიქრები....


შემოდგომა 2015