среда, 19 февраля 2020 г.

2019-20

***
ორი დღის წინ თუ
ორი დღის უკან..
ორი დღის შემდეგ,
ორი დღის მიღმა...
და ალბათ ,,უკან"
არც კი არსებობს,
თუ პირისპირ ხარ
ორი დღის მიმართ...
წინ, წარსულისკენ!
და აწმყო უკან
რჩება მარადის
წამ-წუთის თვლაში,
ვინ შეაჩერებს?!.
რისთვის? როგორ? და
რით გაიხედნოს
დღებრუნვის რაში?!
თავს რით იმშვიდებ?
ტყუილს ვის აკმევ?
იმედობ რისად?
ან ვის-გან, ...-თვის, ...-კენ?!
ორი დღის წინათ,
და ცხრა მთის უკან
ბილიკ-ჭიუხი,
თუ შარა-შუკა
არარა იყო,
რაც კი იყო რა..
ცხოვრების ეტლი
მაინც მიგორავს ....
დღეს აღარავინ
არ ზომავს შედეგს,
არც ეფიქრებათ,
რა ხდება შემდეგ...



***
ის თუ იქ ბედნიერია,
მე აქ რად უნდა მწყინდეს?
თუკი გაუძლო სულსა და
ხორცში მოვარდნილ ყინვებს?!
ის თუ იქ ბედნიერია,
მტკიოდეს უნდა, რატომ?!
სხვისი ზამთარი ზაფხულობს,
ჩემი ზაფხული მარტობს...
თუკი გადარჩა ვიღაცის
სიყვარულ-კიდობანი,
და ნოეც იშვა ანაზდად -
სული ყვავილოვანი....
მე რატომ უნდა მეტკინოს,
მე რატომ უნდა მწყინდეს,
სადღაც ვიღაცის ცხოვრება
მზესავით რომ გაბრწყინდეს?!.
არც არაფერი მწყენია,
არც არაფერი მინდა...
უბრალოდ, მსურდა, გამეგო,
რაც სხვას ეგონა მწყინდა,
მინდოდა მისთვის მექსოვა
ფერად-ფერადი წინდა...
და რა მინდოდა, ვინ იცის
(ვის ახსოვს ფიქრის ფეთქვა),
რა მწყინდა ან რა მტკიოდა,
ან რა მინდოდა მეთქვა....
... მე საიდუმლო მეტკინა -
ბედნიერების მალვა,
თუმცა წყენა და ტკივილი
აღარ ადარდებს მავანს...
ის თუ იქ ბედნიერია,
მე რატომ უნდა მწინდეს?
ჩემს ნაცვლად ვინმე აჩუქებს
სითბოთი ნაქარგ წინდებს.



***
დრო აჩქარდა,
სივრცე დავიწროდა..
თითქოს უსასრულოდ ვკვეთთ ნულოვან მერიდიანს
და დღეებს ვკარგავთ....
ცხოვრება გადის ძილსა და სიჩქარეში
და ვერც ერთში ვერ ვასწრებთ ვერაფრს..
(გამოძინება უნდა მოასწრო,
მოღვიძება უნდა მოასწრო)
ძილშიც სიჩქარეა მთავარი სტატუსი...
სტატუსებს სიჩქარის გამო ვწერთ - გვგონია,
ვიღაცას რაღაცა
თუ ყველას ყველაფერი
ერთ წუთში ვუთხარით...
და გვრჩება ერთ წუთში ნათქვამი
უთქმელი სათქმელის წლობითი მარაგი...
დრო მიდის და ჩვენ კი
მშვიდად ვირინდებით
ბეტონის ხილვებში,
უდროოდ,
უსივრცოდ,
უფიქროდ,
უსიღრმოდ,
უგანცდოდ,
უგრძნობოდ
უფანჯრო კედლებში,
კედლებივით ვშეშდებით
და აუცილებლობით
ვხდებით ერთმანეთს კუთხეებში,
ვართმევთ ხელს,
ვუცვლით ღიმილს და რიელ სიტყვებს,
სიტყვებს, რომლებსაც დეკარგათ
გამარჯვების სურვილი და ენერგეტიკა..
... ხელს ვართმევთ აივნებს
(და არა მეზობლებს);
დროს ვართმეთ ოცნებებს,
სიზმრებს და სურვილებს;
და სადღაც ხრიოკში
ფართხალებს წყურილი ლაყუჩახეული...
სადღაც მდუმარება სუროჩახვეული
ფიქრისკენ გვიხმობს და უჩუმრად გვეძახის...
გავრბივართ,
ინსტინქტის კარნახით გავრბივართ,
მაგრამ ვერ ვშორდენით ქალაქის კარკასებს
და კარკასებივით გეგმებს
და გეგმებივით რუტინებს...
... დრო გაქანდა,
სივრცე გაიყოლა,
ახლა უსასრულო პიკის საათია....



***
შენ რომ ქვას წყალი გაადინე
და ყვავს კაკალი გააგდებინე...
შენ რომ სხვისი მოგროვილი
ქერის ორმოში ჩავარდი...
შენ რომ ქურქი გააძრე მელას,
შენ რომ ტყავი გააძრე რწყილს,
შენ რომ ხორცი გააძრე გაძვალტყავებულთ
და ვერც შენიშნე,
წელებზე ფეხებს როგორ იდგამდნენ...
შენ რომ ძვალი გააძრე უძვლო დროებას...
შენ რომ სული გააძრე ადამის მონაგარს...
,,იყავნ შენ სრული" გაგახსენდა და
სრულყავ განცხრომა;
,,გახსოვდეს სიკვდილი" გაგახსენდა და
ადგილი მოზომე
და ძეგლი აღიმართე;
 ,,ძმა ძმისთვისაო’’,- გაგახსენდა და
მოძმეს შავი დღე გაუთენე...
,,ითხოვე და მოგეცემა’’,-  
გაგახსენდა და რა არ მოითხოვე...
,,ქვაზე დადე" გაგახსენდა და
მარტო იქ დადე,
საიდანაც მეტს მოელოდი...
რა გაგახსენდა და
რა არ გაგახსენებია...
ალექსანდრე მაკედონელი არ გაგახსენდა???
ითხოვა,
ხელებგაშლილი დამკრძალეთო...
ნეტა, რატომ?!


იქნებ

ამოვიქოლეთ თვალები, ტვინი...
ამოვიქოლეთ ყურები ტინით...
ამოვიქოლეთ 
სმენა და ხედვა,
ამოვიქოლეთ სარკმელი ზეცის...
ამოვიქოლეთ ცხვირი და პირი,
ფილტვების გზებიც მშვიდად დავგმანეთ....
ყველა ჭიუხი, ყველა ბილიკი საგულდაგულოდ ამოვიქოლეთ...
ჩავაკარკასეთ ნაპრალიც სივრცის,
ჩავაცემენტეთ, ჩავაბეტონეთ
და უბატონოთ ხმას ვინღა გაგვცემს?!
....
ასი წლის მერე იქნებ ვიღაცამ 
გამყინვარებაგამოვლილ გულებს
მიაგნოს უცებ და გამოადნოს...
და იქნებ გულმა ისევ იგულოს..     








* * *

ახსოვს თეთრი აკაცია

და აპრილის თოვა

მახოვს როგორ გაგაცია,

სხვამ რომ ხელი მთხოვა.

 

 

ხალხურ მოტივზე

ვაჟი:

მაგ თმის ჩანჩქერში დავსველდე,

მაგ თვალების მზით დავიწვა!

ქალავ! შენს მეტი სხვა მსურდეს,

ზე მზე მრისხავდეს, ქვე - მიწა!

 

ქალი:

მთასავით ჩრდილმა მომხიბლა,

სიტყვებმა სუნთქვა დამიწვა.

მაგ მკლავთა ბორკილს ვებძროლო?

ზე მზე მრისხავდეს, ქვე - მიწა!

 

 

 

რა დრო გასულა!

 

უცებ მოხვედი, წახვედი უცებ

და ისევ მარტო დავრჩი ფიქრებთან.

მე რა მეგონა ან რა ვიცოდი,

უცებ თუ თავზე დამაფიფქებდა

წლები და დარდი?! და მარტოობა

შემომიმტვრევდა დარაზულ კარებს:

რაც გულში ქარგეს სიყრმის რტოებმა

ჟამი იმასაც დაასამარებს,

როგორც სურვილებს და შემართებებს,

როგორც ოცნებებს... და მე არ ვიცი,

რაღა მაშფოთებს, რა მემართება,

როცა ყურს ვუგდებ სიბერის სიცილს.

 

 

2018-19 და სხვა

გუნდა

სულ ერთი ლუკმა,
სულ ერთი პეშვი,
ჯერ მუჭაში კარგად მოვჭმუჭნე,
თითქოს საგულდგულოდ მინდოდა
რაღაცის დამალვა, დახშობა, დავიწყება.
მერე სიცივე იგრნო ხელისგულმა;
მეორე შეეშველა.
და მთელი არსებით ვიგრძენი სინოტივე,
სულში რომ ჩამეწვეთა...
მერე აგროდა პატარა გუნდა,
ისე მარტივად იკრავდა ნამცეცებს,
თითქოს მისი ცივი გული ხარობდა...
თითქოს ხალისობდა, თოვლის პაპის ტანად ვიქცევიო...
მიგორავდა და დიდდებოდა
და მძიმდებოდა
და ძნელდებოდა მისი ტარება...
ვერც კი გავიგე, ეს პატარ-პატარა ნამცეცები,
 გზაზე რომ ხვდებოდნენ,
როგორ ამძიმებდნენ
და უფროდაუფრო როგორ აცივებდნენ...
ბოლოს ჭრიალით მძიმედ იწყო სვლა
და მივხვდი, დავიღალე,
დავიღალე უსამართლობით,
                           გულგრილობით,
                                     მიკერძოებით,
                                               სიცრუით...
მოთმენითაც დავიღალე,
                             გაჩუმებითაც,
                                        თავხრითაც,
                                                  შეგუებითაც...
და ეს ოდესღაც ციდა გუნდა,
მუჭში რომ ვჭმუნე,
ისე გადიდდა, გაიზარდა, აზვავდა,
რომ გულში უკვე აღარ ეტევა
და ძველ ტკივილებს ვხედავ უკვე
სახეზე ნაოჭებად გამოფენილებს...
და თითქოს უკვე მივეჩვიე,
ნაკლებად მცივა,
ნაკლებად მტკივა,
გავიკეთე
გაუმტარი გარსი,
გავხდი უფრო ძლიერი და მეტსაც ვერევი,
მეტ სევდას,
        მეტ ტკივილს,
                მეტ ლიქნებს,
                        მეტ განსაცდელს,
                                მეტ ღალატს,
                                         მეტ შურს,
                                                  მეტ შიშსაც კი,
რომელიც ხან ღამურას უეცარი ჩაქროლებასავით დაგაფეთებს,
       ხან ხის ჭიასავით ღამღამობით უჩუმრად გიხრავს გულსა და ნერვებს,
                ხან კი ყინვასავით მოგაწყდება სახსრებში და ხელ-ფეხს წაგართმევს.
და რომ მეგონა,
ეს ამდენი ტკივილის გუნდა
ისე დამძიმდა, ვერ ვზიდავ მეთქი,
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ისევ მივდივარ,
თითქოს ჭრაჭუნით გაუკვალავში
და მივაგორებ ზვინივით გუნდას...

                    


ნამცეცებთ აკინძული

(მოსწავლეებისტვის პერიოდულად ვდებ ხოლმე ბლოგზე ფოტოებს, სათაურებს, ფრაზებს, შემოქმედებითი მუხტის გასაღვივებლად….
ჰოდა ვათვალიერებდი და … უცებ მეც მომინდა წერა :) )


ჩვენ ვდუმვართ,
ყვირიან ხეები...
ჩვენ ვდგავართ,
ისინი გარბიან...
ჩვენ ვდუმვართ გარბიან ხეები
სიხმელის ტკივილებს გვაყრიან...
სადღაც გზაც გარბის და
გზაც წყდება...
ირევა სიმწვანე, სიხმელე...
ჩვენ ვდუმვართ... დუმილის
წყებათა წყება
თითქოს ძვლებს მამტვრევს და
უჩუმრად მახელებს.
სად არის თვალები - ჭები და
ბავშვის ნახატივით გულწრფელი?!
გულწრფელობასავით მარტივი
თვალებში ხაზები წითელი...
ჩემი სარკმლიდან კი ზეცის ხანძარი,
როგორც უცაბედი ავდრების სიშლეგე
იჭრება ოთახში და ჰაერს აბორგებს,
მზევ, მოდი დროულად!
მზევ, მოდი, მიშველე!!!
გრაფიკულ ზახებში ეტევა სამყარო,
და შუქის თვალებით მხოლოდღა ტყის სივრცე
მიმზერს და...
ვოცდები... ვნებდები... ვამაყობ,
რომ სუნთქვა და გული მინდა რომ მას მივცე...
ტბორავენ ფიქრები მტკივნეულ სამანებს,
ტბორავენ თვალებსაც ზღვების ნამცეცები...
ხეები ყვირიან, ხეები გარბიან,
და მივდევ... და ვყვირი...
მალე დავეცემი...
ხეები გარბიან თვალებნაცეცები
და ვცდილობ დავუსხლტე ქვა-ლოდის სახეებს,
როგორც ხაფანგებს და როგორც მახეებს და...
თითქოს უგრნობლობის უფსკრული მახელებს
და ვილტვი საითკენ?
არ ვიცი, ღმერთმანი...
ზეცამ კი გაიძრო შავი ხელთათმანი
და სხივის სიწფელის სიახლე მახარა...
მე ვყვირი, მე ვტირი, მე ვგმინავ, მე ვმღერი.....
ამ ზღვაურ გრიგალში,
ამ ქვის სახეებში
თავქუდმოგლეჯილი
გარბიან ხეები...




უახლესი ეპოქის ცილკლი

* * *
ზოგჯერ მეჩვენა,
ჩვენივე ღერძების გარშემო ვტრიალებთ
და გვავიწყდება, რომ სამყაროს ცენტერები არ ვართ
და კიდევ რაღაცის გარშემო უნდა ვტრიალებდეთ...
და თუ ეს რაღაც დავკარგეთ?
ან დაგვავიწყდა?
და თუ შეწყდა მიზიდულობის ძალა?
და თუ გაწყდა უხილავი ძაფები?
მაშინ რატომღა ვტრიალებთ ჩვენივე ღერძების გარშემო?
თავბრუსხვვისგან რომ გულები აგვერიოს
და დაუღეჭავად ჩაყლაპული პრობლემები ამოვარწყიოთ?
იქნებ გავთავისუფლდეთ
                       ფერუხვი ტოქსინებისგან?
იქნებ მოგვიდუნდეს
                       დაბოტოქსებული კუნთები?
იქნებ შეგვგრილდეს
                       გადამწვარ სულებში?
იქნებ მოგვილბეს
                       გაბოროტებული გულები?
იქნებ ...
იქნებ ვიპოვოთ, რაც დავკარგეთ?
                       ან დაგვავიწყდა?
იქნბებ დასრულდეს
უახლესი ეპოქის ციკლი?
იქნებ მოვრჩეთ საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალს!



უუდიდესი, უუცხოესი, უსასტიკესი

რის ნაპოლეონ, რა ბონაპარდი?
ვინ ალექსანდრე, რის მაკედონელი?
ვინ ყრუ და კოჭლი, ბრმა და უსისხლო,
ვინ ვინ და ვინ სად?!..
მაგრამ ვერავინ ვერ მოახერხა
დაეპყრო მსოფლიო მასავით -
უომრად, უტყვად, ურცხვად, უზადოდ,
უუცხოესი უბრძოლველი ხერხებით,
უმისამართო,
უსაფუძვლო იმედებით,
უმოკლესი, უზიგზაგო გზებით,
უხილავი ქსელებით,
უხილავი საცეცებით,
უხილავი კავშირებით...
ფიჭური, ხაზური, წრიული, კვადრატული,
ჰორიზონტალურ-ვერტიკალური,
ვირტუალური...
ქსელი წამალია,
ობობას ქსელიო, - ასე ამბობდნენ დიდი ბებიები...
და ქსელებს ეძებდნენ, ჭრილობებს აფენდნენ...
...ქსელებით შეფუთეს სულები, მზერები,
დაქსელეს ფიქრები, გრძნობები, გზნებები,
გატეხეს საკეტები, დალეწეს კლიტეები,
გამოთქვეს ყველაფერი - დაპოსტეს, დათაგეს...
ქსელებმა გადააბა სამყაროს ნაპრალები,
ქსელებმა ამოვასო ზღვები და სივრცეები...
ქსელებში წარღვნასავით მოთქეშდა გაორება,
ფრენდებში - მარტოობა, ფერდებში - სიცივე...
დაულაიქე და ყველასთან იცინე,
თუ იცან ნაცნობი, რა გიჭირს!
თუ მართლა ახსოვხარ, გახსოვდეს!
მაგრამ როგორ უნდა გაიგო -
ნაცნობს არ ახსოვხარ, უცნობი გილოცავს!
ქსელებმა ჭრილობებს უშველა?
არ ვიცი, შეცვლილან ქსელებიც...



ვინ ამოხსნის განტოლებას?

ქუჩაში დადიან ტვიქსებად,
ერთ ჭერქვეშ ხდებიან იქსები...
ლექსო მე რატომ მერემიქსები,
ანგელოზის მწამს, არა ვინქსების?
თითქოს უხილავი ჩართეს მიქსერი,
ადღვიბეს, აზილეს, გლისანდო-კიქსები,
ვირტუალ-ტორტები  -  ლაივში კექსები...
განქიქეს სოფლელი ბიჭის ლექსები,
სხვას კი გამოუჩნდა მეხოტბე-ქლესები,
აჩუქეს განა ტიტები, მესები...
და ჩემს გულს დაცენცილს მეებად ვესევი,
მაგრამ ვერ ვნაყრდები, მაგრამ ვერ ვივსები...
ქუჩაში დადიან ტვიქსები,
ანგელოზს ურჩევნიათ ვინქსები,
ერთ ჭერ ქვეშ ხდებიან იქსები,
თუმცა...
რა იქსები, რის იქსები?!




რა ეშველებათ…

რომ მოწყდეს სადღაც სივრცეებში გამორჭობილი
თანამგზავრი თავის ორბიტას...
რა ეშველებათ უსასოდ დარჩენილებს?
რომ მოწყდეს სადღაც სიცრცეებში
უხმოდ დაინთაქას,
რა ეშველებად უმიზნოდ დარჩენილებს?
რომ მოწყდეს ერთხელაც,
გაქრეს და ამით სახელი გაითქვას,
რა ეშველებათ ობლად დარჩენილებს,
უქილიკოდ, უკომენტაროდ, ულაიქოდ?
თუ ვერავინ დათადეგს,
თუ ვერაფერი გააზიარეს,
თუ ვერავინ მოიწონეს,
თუ ვერავის დააფრქვიეს ბოღმიერი ღიმილები...
თუ მიწა იძრა,
ხელს ჩაავლებენ ლეპტოპ-პლანშეტებს
და მინდვრებისკენ გაქანდებიან,
(თუ იპოვიან)...
თუ ზეცა იძრა?
და სულ ყველა თანამგზავრი აცდა ორბიტას?
რა ეშველებათ?
რა ეშველებათ??
რა გვეშველება???




თანამედროვე ზეცა

ცას ცალ ყურზე უკეთია საყურე,
გააყრუეს სივრცეები ვარსკვლავებმა.
ფილმს ვიყურებ, თითქოს ასჯერ ნაყურებს,
დამღლელია მოწყენასთან შებმა.

ცას ცალ ყურზე უკეთია საყურე...
არია მომხდარი და მოსახდენი.
არაფრობის ტაქტი ვეღარ დავურე
და ყრუ ბგერებს ალბათ სადმე გადავდენი.

რიტმებს, რითმებს, ლეგატოებს და ლიგებს
უცნაური ხმაურები აპაუზებს.
ვინ მოუსმენს ანდა ვინ დაალაგებს?
ქაოსები მოსწყურვიათ მუზებს...

ვინ მოუსმენს ზეცასა და ვარსკვლავებს?!
ვის ჭირდება ამ სამყაროს ანამნეზი?!
ძე კაცისა ყოველს მიმოამკვდარებს
განივთებულ-ქვახევებულ მზერით.

ცას ცალ ყურზე უკეთია საყურე,
ძველია და არ სჭირდება შეგუება.
ფიქრღიჭოში სამომავლოს გავყურებ,
კვლავ ხმიანობს ვარსკვლავების კრება.



სარკასტული ,,ხვალ’’

იმ კვირაში სადღაც რომ აყვავდება საკურა,
იმ კვირაში ვიკეთებ შენს ნაჩუქარ საყურეს.
იმ კვირიდან მექნება იმიკი კლასიკური,
იმ კვირიდან არ შევჭამ ცომეულს და პიურეს.
ნიუტონი გავხდები ან მარია კიური,
მსურს ან პროფესორობა ან დიული იური?
მაკიაჟიც მექნება, კიდევ მანიკიური...
იმ კვირიდან განწყობა ხდება ,,ფანტასტიური’’!
იმ კვირაში დავფარავ კრედიტებსაც, ვალებსაც,
ეს ლიზინგიც წავა და ახალ სახლსაც გავლესავ.
აღარ გამახსენდება იპოთეკა-ყადაღა,
ოვერდრაფტი, ლომბარდი, პროცენტების გადახდა.
როდინობის კვირაში... ვინ მპირდება (მიკვირს!) რას!!!
ოთხშაბათი არ მაწყობს, ხუთშაბათი მიზიდავს...
იმ ორშაბათს...
                       იმ შაბათს...
                                        იმ პარასკევს...
                                                               იმ კვირას...
ვიწყებ ახალ ცხორებას მოულოდნელ სიზმრიდან.




***
მოულოდნელად გაგრძელდა თითქოს
არასებული დრო და მანძლი
მას და მას შორის...
უბრალოდ, უცაბედად, უნებართვოდ, უნებლიედ...
უბრალოდ მოენატრა მამას
ბებოს ნაკმაზი ღანძილი...
უბრალოდ...
სახე, გულწრფელი თვალებით,
ნათელი სიტყვა, არას ნაცვალები,
მარტივი შეხვედრა, მარტივად გაგება
გახდა უცაბედი...
დამოკლდა დღეები და
დაგრძელდა ღამეები
საუბრებში მეყსეულად გასულები.
და საბანში გასუსელებს
დაგვავიწყდა მონატრება...
გვემატება სიშორე და
იშმორება სიმარტივე გულგრილობის.
რა გათვალვა, რის გიშერი!
ვერ გიშველის განმარტება და ახსნები.
არარსებულ დრო-სივრცეებს,
სიცივეებს,
სიფითრეებს
ითვლი, როგორც საფეხურებს.



ახალი აპრილი

მტკვრის აღარ ისმის დუდუნი.
აღარაფერი ზღაპრული!
მარტი ვალებს არ უბრუნებს,
გადარეულა აპრილი.

რატომღაც მადლი დამლაშდა,
ხანაც გამწარდა მარილი.
მარტი ვერ მორჩა თამაშს და
გადარეულა აპრილი.

ღრუბელს, მზის სისხლით გალეშილს,
წვეთს შესთხოვს მიწა ქვაგრილი.
მარტი იხრჩობა ვალებში,
გადარეულა აპრილი.



* * *
მოდის დილა და
ალისფერს რაშებს მოაჭენებს ოქროს აღვირით.
ჩვენ კი რატომღაც დილა მწუხრის ხმაში აღვრიეთ.






ციკლიდან ,,ბროწეულები ქარში’’


ხიდები

ბროწეულებივით სკდებიან ფიქრები...
ბროწეულებივით წითლდებიან
და იმარცვლებიან
ტკბილწვეთებად,
სისხლის წვეთებად,
ნატვრის წვეთებად...
იგრიხებიან ნერვების თოკებად,
მერე ცვდებიან
და წვრილდებიან,
და ძაფდებიან,
ბეწვისხიდდებიან...
და მთვარეულივით
ბარბაცით დავდივარ ამ ბეწვისხიდებზე
და მეწვის ხიდები
ოცნებებში აგებული,
და მეწვის ხიდები
განშორების მორევებზე გადადებული,
შენკენ მომავალი...
როცა შენზე ვფიქრობ,
ბროწეულებივით სკდებიან ფიქრები....





იყო და არა იყო რა

ღვთის უკეთესი რა იყო?
სიტყვამ იგორა, იგორა...
და სადღაც გზები გაიყო,
იყო და არა იყო რა.

ფიქრმაც იგორა, გაიყო,
აღარც ის იყო, იყო რაც...
ნისლმა მონისლა, აიღო
ზღაპარქარგული ის გორაც.
                    იყო და არა იყო რა...

წელი წელწვრილი მიგორავს,
მძიმედ მიათრევს ხურჯინებს,
ვინ იცის, ვინ წუხს, ვინ შფოთავს,
დარდს გულს ვინ გაარუჯინებს...
                     იყო და არა იყო რა...

ღვთის უკეთესი რა იყო?
რა არის ღვთის უკეთესი?
ზეცაც შუაზე გაიყო,
კაცი კაცს ავს რომ უკეთებს...
              იყო და არა იყო რა...



ძაღლის ნაკბენი

დაგმანულია სულის სარკმელი,
ყველა კარი და ყველა დარაბა...
თითქოს იესო უარჰყვეს ისევ,
და აარჩიეს ვიღაც ბარაბა...

დაგმანულია სულის სარკმელი,
ზაფხულის მზეც კი ვერ ათბობს ფიქრებს...
მაგრამ იმედი დნება თოვლივით,
უსასოობა კი ძალას იკრებს...

მაინც ვერ დასვა გულმა წერტილი,
მაგრამ ვერც დასვა ტკივილმა მძიმე...
და დარჩა ისევ მრავალწერტილი
უსასრულობის არსში მომზირე...

დაგმანულია სულის სარკმელი,
ყველა ნაპრალი და ჭუჭრუტანა.
მტკივა იმედი - ძაღლის ნაკბენი
და უსაშველოდ მიჭირს ატანა...
ოღონდ

დავობს წვიმა,
ნელა-ნელა წვიმს.
ანჩხლობს მარტი,
იქნებ კიდეც ითოვოს...
თოვლი მოჰგავს
ნამცეცს, ოღონდ წვრილს,
ოღონდ თეთრს და...
(ოღონდ არ დაამთავრო!)

ნელა-ნელა
დანებდება მარტს
ის ფიქრებიც
ამაღამ რომ დამღლიან.
ნაბიჯ-ნაბიჯ
თავს დამატეხს ხვატს,
ოღონდ შენგან,
ოღონდ შენით მადლიანს.






მტკივნეული ძიება

გადაშლი, გადმოშლი,
კითხულობ, ადარებ.
რაღაცას ამოშლი,
რაღაცა გადარდებს...

ასლები, პირები...
ეცნობი... ოცდები
ფერფუჭი პირობით,
გულგრილი მოცდებით...

რაღაც გა... ვიწყდება,
ვიღაცა გავიწყებს...
თითქოს მზე ვერ წვდება
ღრუბელების ლავიწებს...

ნეკნებად, ფერდებად
ჩაირბენ კიბეებს...
წვა აღარ გექნება -
სიცივეს იგემებ...

ირღვევი... ირევი...
 შეშდები...ოცდები
ფერფუჭი პირობით,
გულფუყე მოცდებით...



გაუცხოება

უსეტყვესი სიტყვები,
უსეტყვესი მზერები...
უსეტყვესი - ,,გიტყდება?’’
სასტიკად მეზარება...

ბრმა და უტყვი გულები,
უტყვზე უტყვი სულები...
უსიტყვობა სრულდება
დარდით დაორსულებით...

მოარიდეთ მზერები!
მოარიდეთ გულები!
არ ღირს გაზიარება,
დარჩით დაგმანულები!



***
დავიღალე გამოცდებით,
დავიღალე....
და ვინ იცის,
სად რამდენჯერ ჩავიჭერი....
ბედიესწერის უფსკრულებს
ვინც გამოცდებით,
მომიყევით -
ტკივილები დამიამეთ!





ჯუჯა ბროწეული

გარეთ თოვს და  
ჩემს რაფაზე ღელავს  
ბროწეული ღიმილივით ნათელი. 
არ ღირს მოცდა,
თუკი ისევ გტკივა,
თუკი გმინავს ღამე ფიქრანათალი...

არ ღირს ცოდნა,
არ აკეთებ თუკი!
რით უწამლებ გრძნობებს ფეხვეშ გათელილ?!.
სულშიც თოვს და
უდარდელად ელავს
ბროწეული ელვასავით ნათელი.




ტვინისრევა

იწყებ, ამათვარებ, ხელახლა იწყებ...
ტოვებ, დაგმანავ, თითქოს ივიწყებ...
ტინივით კედელს აწყდება ფიქრი,
ტვინში ქუხს სიცხე და სადღაც მიქრის...
ტორტმანებ, თითქოს ტივტივებს ტივი
და ტანში თითქოს სხვა ვიღაც ტირის...
იწყებ, ამთავრებ, ხელახლა იწყებ...
იხსნენებ, მერე ისევ ივიწყებ...
ატანს ძვლებშიც კი ეს ტვინისრევა,
გულისრევაზე უარესია!






ბროწეულები ქარში
(ეს ჩემი ნიკოლოზის ფრაზაა, უფრო სწორად, ნახატის სათაურია (8 წლისამ დახატა)... სწორედ ნიკოს ნახატმა შთამაგონა...)

ქარია...
თითქოს ბროწეულები
წვრილმაჯა ლერწებს
წუწუნით ხრიან...
,,გარეთ ატლასიო’’...
ფრიალებს ალები, ცეცხლები, სხივები....

ქარია...
,,შიგნით ათასიო’’-
დამძიმებულა გული
სათქმელით, სისხლით,
სისხლნაწურ ცრემლით,
ტკივილით, წყენით,
მოწყენით, სევდით...

ქარია...
მწიფე ბროწეულების
ატლასის ლექსებს   
თითქოს უწუნებს ქარი რაღაცას,
თითქოს გარბიან ქარში სადღაცა...
და ქარიც გარბის
დაწინწკლული ჩუტყვავილებით...

ბროწეულისფერ ფიქრში მეწვევი
წერწეტა ღამით
გულგაწვრილებულს...
ბროწეულისმსგავს ცეცხლში დავარწევ
უთქმელ სურვილებს,
რომ დაგეწიო...

წამოგეწევი სადღაც გზაწვრილზე
ბროწეულკოცონს - ბროწეულკოცნებს
გარს შემოგავლებ
და დავდუმდები
ბროწეულების ნათელ დუმილით...
და არ იქნება ქარი წივილა
და არ იქნება ტოტთა წუწუნი.
ამ წვას ან ამ წამს ვით დაიწუნებს
წამების ხანძრით გადაბუგული?!






* * *
ახსოვს თეთრი აკაცია
და აპრილის თოვა
მახოვს როგორ გაგაცია,
სხვამ რომ ხელი მთხოვა.




ხალხურ მოტივზე

ვაჟი:
მაგ თმის ჩანჩქერში დავსველდე,
მაგ თვალების მზით დავიწვა!
ქალავ! შენს მეტი სხვა მსურდეს,
ზე მზე მრისხავდეს, ქვე - მიწა!

ქალი:
მთასავით ჩრდილმა მომხიბლა,
სიტყვებმა სუნთქვა დამიწვა.
მაგ მკლავთა ბორკილს ვებძროლო?
ზე მზე მრისხავდეს, ქვე - მიწა!



რა დრო გასულა!

უცებ მოხვედი, წახვედი უცებ
და ისევ მარტო დავრჩი ფიქრებთან.
მე რა მეგონა ან რა ვიცოდი,
უცებ თუ თავზე დამაფიფქებდა
წლები და დარდი?! და მარტოობა
შემომიმტვრევდა დარაზულ კარებს:
რაც გულში ქარგეს სიყრმის რტოებმა
ჟამი იმასაც დაასამარებს,
როგორც სურვილებს და შემართებებს,
როგორც ოცნებებს... და მე არ ვიცი,
რაღა მაშფოთებს, რა მემართება,
როცა ყურს ვუგდებ სიბერის სიცილს.