вторник, 2 февраля 2010 г.

ნიკო-მარი -2

,,თოვლის ფაფა''

დაუბერა წუხელ ქარმა
და ღრუბლები ააქაფა,
საუზმისთვის ნიკო-მარის
მოუმზადა თოვლის ფაფა

დაუძახეს უმალ ბავშვებს,
თნ წაიღეს დიდი კოვზი,
რა იქნება გემრიელი
ნაყინივით ცივ თეთრ თოვლზე?!

აკისკისდა მარიამი,
ნიკო ლამის გაიგუდა -
მადიანად გადაყლაპა
თოვლის ფაფის დიდი გუნდა:

,,რა კარგია, დედას უკვე
არ ექნება სათქმელიო,
ძლივს ვიპოვეთ სასურველი,
გემრიელი საჭმელიო!''

psნიკოლოზმა და მარიამმა მართლა გემრიელად მიირთვეს თოვლი :) :) :)

თოვლი

ფიფქი ცვივა, გაათეთრა
ქუჩა, ეზო, შარა-შუკა,
თოვს და თოვლმა ყველაფერი
ერთიანად გააშუქა.

გახალისდა არემარე
პატარების ჟრიამულით.
როცა ბარდნის, დიდებსაც კი
უყვართ თოვლში სიარული.






* * *
აგარაკზე წასულებს
მოგვიყვანა მამიკომ
ორი პაწაწინა კუ –
ნიკო-კუ და მარი-კუ.
ვიფიქრეთ, რომ შიოდათ -
ვაბალახეთ კუები,
წყალიც ბევრი შევასვით,
მოვატარეთ რუები,
სახლიც კოხტად მოვურთეთ,
მართლა! არ ვიტყუები!
გაგვეპარნენ რატომღაც
უმადური კუები.


вторник, 5 января 2010 г.

tato-nini

* * *
დედიკო აცხობს ნამცხვრებს,
დეიდა აცხობს ლექსებს.
თამუნას უყვარს ტკბილი,
ულექსებოდ კი - ვერ ძლებს.
ცხობა თავადაც იცის
და კარგად ეხერხება,
მაგრამ სად ცხვება ლექსი
მაინც ვერაფრით ხვდება...



* * *
გამარჯობა, თამარო!
შენ სიბერის წამალო.
ბაბუკას ოქროს ჩიტო,
ჩიტო, ჩიტო, ფრთამალო.
მოდი, გეტყვი ანდაზებს,
ზღაპრებს, ლექსებს ლამაზებს.
მოდი, ხელი ჩამკიდე,
შუკებს გავყვეთ ანდა გზებს.
მოდი, ჩუმად მითხარი,
ვინმე ხომ არ გაბრაზებს?


გამოსავალი

დედი, რაღაც მოვიგონე:
(ამ ერთხელ მეც გამიგონე)
გავათენოთ, მოდი, ღამე;
მე სულაც არ დავიღალე.

ვიცი, განა არ ვიცი,
დღე დიდია ძალიან,
მაგრამ შენ რომ ვერ იცლი,
და ჩემთვის არ გცალია?..

ჰოდა, აი, მოვიგონე:
მომისმინე, მომიწონე;
ჩამეხუტე, სანატრელო,
მოდი, ღამე გავათენოთ!



გაზაფხული

გაზაფხული ვარ ხატულა,
მოგართვით შუქის ფარჩები,
დილა ფერებით ნაკაზმი
და ყვავილწნულის ფარდები.

მოვედი - ყველას გახარებთ
ია ცისფერით ნახატი,
მერცხალი მახარობელი,
ენძელა თოვლქვეშ ნაზარდი.


ზაფხული

მზის სხივით გადატვირთული
მწვანე ზაფხული გახლავართ,
მწველი, ცხელი და ნანატრი -
სამივე თვენი აქა ვართ...



შემოდგომა

წელიწადის ოთხი დროდან
მე ოქროსი მაქვს სახელი;
ბარაქა და ხვავი მომაქვს,
სავსედა მაქვს სახლ-საბძელი.

გარჯა-შრომა ძლიერ მიყვარს,
ხონჩა-გოდრის შარიშური;
კალთას ხილით ვუვსებ ყველას,
არავისი არ მაქვს შური.

ზამთრისათვის ვემზადები
ყვითელ-წითელ ფარჩას ვიხდი,
ქარის ქროლვით დავბრძანდები,
წვიმით კი დღეობას ვიხდი.


ზამთარი

თუმცა, ცივი ვარ ზამთარი,
თუმცა, ყინვაც მძლავრი ვიცი,
მაგრამ ბავშვებს უხარიათ
ჩემი ქიცმაცურიც, ქიციც...

გუნდა, ციგა, თხილამური.
თოვლის პაპა, ჩურჩხელა,
საახალწლო ტკბილეული
ხონჩით მომაქვს სუყველა.

მოხუცებს კი გულს ვუწყალებ
ყინვით, თოვლით, სიცივით,
მაგრამ ბავშვთა ჟრიამულით
ვდნები, ვქრები სიცილით...



* * *
მეზობლის დიდი ძაღლი
თამროს ეგონა ლომი,
გადაირბინა ბაღი,
გადაირბინა მოლი;
ყური არ უგდო ძახილს:
გოგო, ძაღლია, ძაღლი!
ისე შეშინდა, მგონი,
სახლში არ ჭამა ღომი...
გადაირბინა ბაღი,
გადაირბინა მოლი,
რადგან ბომბორა ძაღლი
თამროს ეგონა ლომი.



მზე

აიწონა-დაიწონა,
მზე მთის წვერზე აიწოწა;
მერე უცებ მიბნელდა-
მზე წავიდა ნისლებთან...


* * *
მოირბინა თამუნიამ
ქუჩა, ეზო, მინდორ-ველი;
თამაშის დროს, უცაბედად,
კუ იპოვა ჯავშანჭრელი.
ზურგზე ნაზაედ მოეფერა,
არ შეახო ტათზე ხელი,
თქვა: დამკაწრავს; ამ კუს, თურმე,
ფრჩხილები აქვს დასაჭრელი.



* * *
მოუყვანეს თამროს ბატი,
მოემატა ფიქრი, დარდი;
ბატი - თეთრი, თანაც - მარდი,
როგორც ცირკის აკრობატი.
დარბის თამრო, დასდევს ბატი,
შეუბია ყელზე ბანტი;
თამრო - თეთრი, როგორც ბატი,
ბატი - როგორც აკრობატი.



ნინოს დედოფალა

ნინო ტუქსავს დედოფალას,
მიწუნებსო კერძებს;
ცხვირს იბზუებს და სატირლად
მუდამ მიზეზს ეძებს.

ამდენს ვწვალობ, ამდენს ვშრომობ,
საქმეს არ მიფასებს.
ითხოვს ახალ კაბებს, ქუდებს,
არ კითხულობს ფასებს.



საახალწლო

რა ვთხოვო თოვლის ბაბუას,
ნეტა, რა უფრო მინდა?..
ამდენ ნატვრას ვერ დაიტევს
თვით პეპის გრძელი წინდა.

მე სულ თოჯინებს მჩუქნიან,
სულ ძაღლებსა და დათვებს;
იქნებ, მანქანა ვინატრო?
გასეირნება მარგებს.

ბევრი ვიფიქრე ძალიან,
მომკლა სიების წერამ.
მჯერა, რომ ამისრულდება
რასაც ვინატრებ, მჯერა!

გადავიღალე ფიქრით და
გადავიღალე დარდით,
ბოლოს ძამიკო ვინატრე
ძლიერ ყოჩაღი, მარდი.

ვთქვი: ამეწყობა ცხოვრება,
(რაზე ვფიქრობდი ამდენს?!)
მანქანებს ის ინატრებს, თან
თოჯინებს არ წამართმევს.



* * *
უკვე სამი წლისა ვარ,
თმას ვივარცხნი თვითონ
სარეცხს ვრეცხავ,
ღვზელს ვაცხობ,
სახლს ვალაგებ ვითომ...
ვქსოვ ფუმფულა ქუდებს და
ვაუთოვებ კაბებს.
თუ თოჯინა ავად გახდა,
აბებს ჩავაყლაპებ..
ახალ-ახალ საქმეებს
დაჟინებით ვითხოვ.
ჩემისთანა გამრჯე გოგოს,
ნეტა, ვინ არ ითხოვს?!.



უმადური მურია

მინდა, რომ ყველამ იცოდეს,
ძალიან მიყვარს მურია;
ბაბუს ნაყიდი ბაფთებით
მიტომ მოვურთე ყურია.
მურა კი გაწყრა, გაავდა
და დრუნჩი სად არ ურია...
მე მიყვარს, მაგრამ. . .
ვაი, რომ...
მურია უმადურია!



ფისო

ფისო, ფისო, ფისუნია,
ნუ მაბეზრებ თავსო,
დაიძინე, გირჩევნია,
სიზმრად ნახავ თაგვსო!



ყურცქვიტა

ყურცქვიტა, ნაცარა,
წითელთვალებიანო,
გრძელყურა, ქათქათა,
მინდა შენთან ვიარო.

სულ სკუპ-სკუპით ვიხტუნო,
როგორც შენმა ბაჭიამ,
მინდა შენთან ვიცხოვრო,
და მეც მერქვას „ბაქია“.



წერილი ბებოს

ჩემო ტკბილო ბებიკო,
ჩემო კარგო ბებიკო,
მენატრები ძალიან,
მაგრამ რა ვქნა, რა გიყო?

მამას სულ არ სცალია,
გუშინ რძეც არ დალია;
იცი, დედაც, მამიკოც
სამსახურში დადიან?!

იმ დღეს დედა დამპირდა,
იმ დღეს მამაც დამპირდა:
მოვიცლითო სულ მალე
და ბებოსთან წაგიყვანთ!