вторник, 29 декабря 2009 г.

...რატომღაც...


რატომღაც

რატომღაც მომწონდა მე შენი დაბნევა,
მომწონდა ყელ-ყურზე მზერებს რომ მაბნევდი.
თვალებში არ ჩანდა ფიქრები თავნება,
არც ვნება...
და მაინც მომწონდა მე შენი დაბნევა...

...ხელები... ფეხები... საყურის სიმძიმე...
აწონე, დაწონე მზერით და ფიქრებით...
იქნებ სამუდამოდ ჩემს სულს მოემძივე,
როცა გააოცე სევდის დაფიფქებით...

ვიღაცა კითხულობს ცარიელ ასოებს...
ვიღაცას ეცნობა ფრაზები ნაცნობი -
რაღაცა აოგნებს, რაღაცა აოცებს,
ვიღაცას აგონებს სიტყვების ანცობა...

რატომღაც მომწონდა მე შენი დაბნევა,
მომწონდა ყელ-ყურზე სიტყვებს რომ მაბნევდი.
თვალებში არ ჩანდა ფიქრები თავნება,
არც ვნება...
ამიტომ მომწონდა მე შენი დაბნევა...


* * *

მე ვიცი ფასი სიტყვის და გრძნობის,

მე ვიცი, როგორ ღვივდება გზნება,

მე ვიცი, ვიცი,

სიჩუმის ძმობილს

რა გისახსოვრეს ტკივილის გზებმა.


დიახ, მე ვიცი... დიახ, მე მტკივა,

სწორედ იმიტომ, რომ კარგად ვიცი...

სევდის ფოთლები მცვივა და მცვივა

და იშვიათად ვახერხებს სიცილს.


დიახ, მე მტკივა... დიახ მე ვიცი

ეს ყველაფერი, არ მინდა ფიცი...

ხუმრობის მსუბუქ სამოსელს ვიცვამ,

რომ დავაოკო ფიქრები ფიცხი...


მე ვიცი ფასი გულწრფელი სიტყვის;

სიტყვაში როგორ ღვივდება გრძნობა;

და რასაც სეტყვა სარკმელთან იყტვის,

არ მიჭირს იმის მე გამოცნობა.


მაგრამ მე მაინც არ ვიცი, რა ვქნა...

როგორ?.. საიდან?.. რატომ და რისთვის?!.

და სულში ჩნდება ბურუსის ლაქა

მოუცნობი ჩემვის თუ სხვისთვი...


...და სანამ გული გულის მცნობს ნახავს,

ეჭვები ბევრჯერ აგიხირდება...

მე ისიც ვიცი, რა გიკარნახეს

გადამსხვრეულმა ფიქრის ხიდებმა.



* * *

რაღაც წავიკითხე,

გამეცინა...

ისე გამეცინა,

გამახსენდი...

ისე გამახსენდი,

გამიკვირდა...

თითქოს არ მახსოვდე სულ...


წუხელ ისევ თითქმის

არ მეძინა...

არ მეძინა - ფიქრით

ვთამაშობდი...

ვთამაშობდივითომ

ჩამეძინა

ამით ვიმშვიდებდი სულს...


ყველა გულისტკენა

მაპატიე!

მაპატიე, ვითომ

არ ყოფილა...

შეძლებ, ისევ გულში

დამიტიო?

შეძლებ, მაპატიო?

თუ...






* * *
ნათქვამმა, სათქმელმა, უთქმელმა
დაკარგა ფასი და არსი...
ერთია თხმელა და ურთხმელი...
არსად გასაქცევი, არსად!!!

ვეღარსად, ვერასდროს, ვერვისთან
ვეღარ ვიგულწრფელებ ალბათ...
არ მესმის, რას ამბობს მერმისი...
დარდებს თავს დავუკრავ მდაბლად.

კივილი, წყენა და წუხილი,
თვით სითბოც მი
ეს თამაშად...
რომ არ მძინებია წუხელის,
რაა გასაკვირი ამაში?!

სულელი ვიყავი ნამდვილი,
ყველაფერს გულით რომ ვგრძნობდი.
მიტომ გამიმეტე ადვილად?!
გულის არ გცოდნია ცნობა...

არ მინდა თვალებში ჩაგხედო!
ვიგრძნო ის, რაც ვიცი უკვე...
ჩემში ტკივილები თავხედობს
და შენ ამ ტკივილებს უკმევ...

უკვე ვინ გგონივარ, არ ვიცი...
არ ვიცი, ვინ ვარ და რა ვარ...
დაცდა?.. არა, მე ვერ დავიციდი,
ისედაც ანარეკლს გვაგავარ...

გწყენოდა?
არ მსურდა არასდორს!
გტკენოდა?
მდომოდა რატომ?!
დიდმა მწუხარებამ გამსუდრა...
უკვე ა
არაფერს ვნატრობ...




* * *
მისი არ მესმოდა არასდროს?!
არასდროს ესმოდა ჩემი?!
მეტი რაღა უნდა გამანდო?!
ჩუმად, მწუხარებავ, ჩუმად!

ღიმილთან თუ უნდა გამყარო,
სიჩუმეს მოვირგებ კაბად...
შენით მე ვიპოვე სამყარო
და ახლა ყველაფერს ვკარგავ.

არ მშველის თვალების დახუჭვა -
სიმართლე მიკაწრავს გუგებს...
ტკივილი
დმექცა ნაჭუჭად,
ამ ნაჭუჭს ვერავინ უგებს...

ოცნებას და ნატვრას გამყარე...
მოვირგე უბრობის ქარგა...
შენით მე ვიპოვე სამყარო
და ახლა ყველაფერს ვკარგავ...

შენ თვლი - არ მესმოდა არასდროს;
მე ვთვლი - არ გესმოდა ჩემი...
მეტი რაღა უნდა გამანდო?!
ჩუმად, ს
ნანულო, ჩუმად!



* * *
არ ვიცი, თუ რატომ...
რით დავიმსახურე...
მარტო ვარ... მთლად მარტომ გავკვალე წუხილი...
და სევდის მსახურებს რითმებად ასხმულებს
ცრემლები ასკდებათ ჭექით და ქუხილით.

რით დავიმსახურე
ტკივილი ამხელა???
გადამხდის სახურავას ვიღაცა შეშლილი,
არ-რის დამნახველი, ვიღაცა ავხელი
და დელგმა გამლუმპავს მარცვლებად დაშლილი...…

რით დავიმსახურე?..



* * *
სიზმრისათვის საყვედური როგორ გითხრა?
მაგრამ მტკივა ყველა აზრი, ყველა ფიქრი...
ნასათუთევ განცდას ბაგე გაუფითრდა
მოულოდნელ ავდრისაგან დანაფიფქი.

გაავდარდა სულში... ყინვამ ააკივლა
უმიზეზოდ გაშლილ კვირტთა თავხედობა...
ეს ეჭვები, ეს რისხვები, ეს გაკილვა
დავივიწყო?!.
როგორ?..
როგორც ავბედობა?..

დავივიწყო?..
მაგრამ უკვე ნაფიქრია...
ნათქვამია, ნაგრძნობია, ნაგვემია..
ღიმილები სანთლებივით ჩაგვიქრია...
ძილ-ღვიძილი ერთმანეთში აგვრევია...

სიზმრისათვის საყვედური როგორ გითხრა?!
მაგრამ მტკივა ყველა ფიქრი, ყველა აზრი...
ნასათუთევ განცდას ბაგე გაუფიცხდა,
თითქოს გულში სატევარი ჩასცეს ბასრი...



* * *
არ ვიცი, ასე გავძლებ სადამდე,
ან ვის მივაწვდენ ამ ხმას...
ვცდილობ, როგორმე გადავსადავდე,
ავშორდე თუნდაც ცნობისმოყვარე თვალების ხამხამს...

არ ვიცი, ასე გავძლებ სადამდე!
რა მეშველება მარტოს!
როგორ მოვმართო აზრთა სადავე,
რომ ჩემი სუნთქვაც სევდარეულმა სიტყვამ განმარტოს...

არ ვიცი, ასე გავძლებ სადამდე,
როცა მაისიც მარტობს;
როცა ზამთარი თითქოს გასამდა –
იანვრებით და თებერვლებით და სუსხებით ,,მართობს''...

არ ვიცი, ასე გავძლებ სადამდე...
გაურკვევლობა მათოვს...
ან გაისამდე... ან აისამდე...
ჯერ კი ტკივილი ახალ-ახალი ბურუსით მათრობს...

არ ვიცი, ასე გავძლებ სადამდე!..




* * *
ისევ თოვს... ნეტა ზამთარი
ასე რამ გააგულისა?!
ვარ ლოლო მზეზე დამდნარი,
მეკვლე ხარ ჩემი გულისა!

ძილისპირული შვება ხარ
დარდებით დაბარგულისა.
რიჟრაჟზე ფიქრებს მოკვალავ,
მეკვლე ხარ ჩემი გულისა!




* * *
მთის იქით კიდევ მთაა და
გორს იქით კიდევ გორია...
მოვალ, მოვდივა... შენამდე
დღითიდღე უფრო შორია.

ზღვა და ზღვის იქით – ხმელეთი,
ხმელეთზე კიდევ ტბორია...
შენკენ მოვიწევ... შენამდე
მით უფრო მეტად შორია.

ვითომ სურნელობს საწუთრო,
მაგრამ მაინც რომ შმორია!
მოვდივარ... მო... ვერ მოვედი!
შენამდე ძლიერ შორია.


вторник, 1 декабря 2009 г.

ზ ღ ა პ რ ე ბ ი


დიდი სიყვარულის პატარა ამბავი


რამდენადაც ბანალურად ჟღერს სათაური, იმდენად საინტერესოა ამბავი, რომელსაც მეტად უცნაური დასაწყისი აქვს, ხოლო დასასრული ჯერ არც კი ვიცი, როგორი იქნება. ამბავი კი ასე იწყება:იყო და არა იყო რა” - ეს მართლაც ზედგამოჭრილია, რადგან ერთი დიდი სახლის ერთ მივიწყებულ კუთხეში იყო ერთი პატარა ოთახი. მიუხედავდ იმისა, რომ ოთახში ბევრი რამ იყო, მაინც თითქოს იყო და არა იყო რა, რადგან სიბნელე ნთქავდა ყველაფერს და ფორმასთან ერთად აზრსა და დანიშნულებასაც ართმევდა საგნებს, თითქოს სიცარიელედ აქცევდა.


ოთახი ვეღარ გრძნობდა საგნებს, რომლებიც მასში ცხოვრობდნენ. იყო სიბნელე უზრუნველი და კმაყოფილი იმით, რომ ყველაფერს ნთქავდა და ახშობდა, მაგრამ ამ კმაყოფილების უკან იყო დიდი ბოღმა, რომელიც გროვდებოდა სიბნელის გულში... და იყო დიდი ტკივილი არგანათების.


სიბნელეს განათება სურდა....


სიბნელემ იცოდა, რომ უნდა განათებულიყო უნდა განათებულიყო, რადგან ასეთია კანონზომიერება სამყაროსი. სწორედ ეს კანონზომიერი წყურვილი კლავდა და მოსვენებას არ აძლევდა. სურდა განათება, სურდა განათება საოცარი ვნებით. იცოდა, ადრე თუ გვიან უნდა განათებულიყო, მაგრამ სინათლე აგვიანებდა. სიბნელეს მოწყინდა ლოდინი და აღარც დაელოდებოდა, ლოდინის გარდა სხვა გზა და არჩევანი რომ ჰქონოდა.


ოთახის ახლოს ზოგჯერ გაკრთებოდა ხმა ნაბიჯების, მაგრამ ამაოდ, ოთახში არავინ შედიოდა.


წუხდა ოთახი. ოთახთან ერთად წუხდნენ საგნები სახედაკარგულნი, არსებობადავიწყებულნი. ყველაზე მეტად კი წუხდა სიბნელე, მაგრამ არ იმჩნევდა. და ყველა დუმდა... თითქოს სიბნელის დობილი იყო დუმილი, რომელიც დაურღვეველ სიჩუმეს ქმნიდა და ბლანტად იდგა ჰაერში, მშვიდად და შემაწუხებლად ბლანტად, შემაშინებლად.


არავინ ფიქრობდა სიჩუმის დარღვევას... საგნები თითქოს გაჩუმებაში შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, არც კი ჭრიალებდნენ _ არ კვნესოდნენ. დავიწყებოდათ, რომ ერთმანეთთან ლაპარაკი შეეძლოთ და უსულდგმულოდ იდგნენ.


ვერ ისვენებდა მხოლოდ სანთელი... ვერ ისვენებდა, რადგან დუმილის ატანა უჭირდა... უჭირდა სიბნელის მოთმენაც, რადგან იცოდა, რომ შეეძლო შეცვლა ყველაფრის, რაც ირგვლივ იყო, მით უფრო, რომ ასე უჩუმრად, ასეთი გაუმხელელი ტკივილით ელოდნენ მის ხანმოკლე ანთებას.


სანთელი გრძნობდა დუმილის სიმძიმეს და სიჩუმის სიმძაფრეს. გრძნობდა, თუ როგორ ტკიოდათ საგნებს უფორმობა სიბნელით მოგვრილი... გრძნობდა, თუ როგორ წუხდა ოთახი უხილავი სიმძიმით სავსე... გრძნობდა, რომ ყველაზე მეტად მაინც სიბნელეს უჭირდა. ჰოდა, ყველაფერს რომ გრძნობდა, არმიტომ არ შეეძლო დუმილის ატანა და სწორედ ამიტომ ალაპარაკდა. ალაპარაკდა და რბილი და თბილი ტემბრით შეარხია სიჩუმის ფარდა. ისე დაირხა სიმბნელეში მისი შემპარავი ხმა, თითქოს სიომ დაუბერაო... თითქოს ყველამ ამოისუნთქა, მაგრამ ამ ამოსუნთქვაში იყო გაოცებაც და მოულოდნელობის დაბნეულობაც. მისმა ხმამ სიბნელის უღრმეს შრეში შეაღწია და მალე ყველა და ყველაფერი მოიცვა ირგვლივ.


კრინტი არავის დაუძრავს... მაგრამ სანთელმა იგრძნო, რომ უსმენდნენ და მისი სიტყვები უნებურად ელამუნებოდა ლაპარაკგადაჩვეულ ოთახს, საგნებს, სიბნელეს, რომელიც აძლიერებდა სმენადობას, ამკვეთრებდა ნათქვამს. და სანთელიც უბრალოდ კი არ ლაპარაკობდა, თითქოს ჩააგონებდა.


და ამ წუთიდან სანთელი აღარ გაჩუმებულა, მაგრამ იგი დაღლას არ გრძნობდა. არ გრძნობდა ალბათ იმიტომ, რომ ხვდებოდა, როგორ სჭირდებოდა ირგვლივ ყველას და განსაკუთრებით სიბნელეს. ხვდებოდა, რომ გულისყურით უსმენდნენ. ამიტომ დაუღალავად ლაპარაკობდა და იცოდა, ადრე თუ გვიან ხმას გასცემდნენ.


და აი, მოულოდნელად ალაპარაკდა სიბნელეც... მან ხომ ლაპარაკი არც კი იცოდა! მას ხომ მეგობარი არც კი ჰყოლია! რადგან იმ პატარა, მივიწყებულ ოთახში დაიბადა, ამ სიჩუმეში და მას შემდეგ განათებას ელოდა, რომ სიბნელესა და სინათლის გზაგასაყარზე დაენახა სამყარო ანუ ყველაფერი, რაც იყო ირგვლივ.


სანთელს არ გაჰკვირვებია, პირიქით, სწორედ ამას ელოდა. თავად სიბნელეს უკვირდა, უკვირდა და საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა, რადგან მონუსხულივით უსმენდა სანთელს და არ იღლებოდა, რადგან რატომრაც თვითონაც უცნაურად ლაპარაკობდა და უცნაურად ფიქრობდა იმაზე, რაზეც აქამდე არ უფიქრია. გრძნობდა, რომ შეიცვალა, გასხვანაირდა. ეს გარდატეხა კი ერაფრით აეხსნა.


სანთელს ეს არ უკვირდა, მაგრამ მაშსიც ხდებოდა რაღაც მოულოდნელი _ ისიც იცვლებოდა. მისი ხმა თანდათან ძლიერდებოდა და ხან ჟრუანტელად უვლიდა ოთახს, ხან იავნანასავით უყუჩებდა ტკივილებს, ხან ქარიშხალივით უწეწავდა ფიქრებს, ხან ღიმილივით ამსუბუქებდა.


სანთელი აუნთებლად კრთოდა სხვისი კრთომით და საკუთარი თავი დაჰვიწყებოდა.


სიბნელეც კრთოდა სანთელთან ერთად და ყველაფერი დაჰვიწყებოდა, აღარაფერი აინტერესებდა, ისიც კი, თუ რა ხდებოდა კარს მიღმა, ან თუ ისმოდა კიდევ სადმე ხმა ნაბიჯების, ან ხომ არ ირხეოდა კარის სახელური. მას აღარაფერი ესმოდა სანთლის ხმის გარდა და აღარც სურდა რამის მოსმენა.

ბედნიერი იყო სანთელი...


ბედნიერი იყო სიბნელე. ბედნიერი იყო იმთ, რომ სანთელი არსებობდა. ძველი ოცნებები დაჰვიწყებოდა და სანთელზე ფიქრით იყო სავსე მისი სიღრმე.


სანთელსაც დაჰვიწყებოდა ბავშვობის სურვილი _ ყოფილიყო ყველაზე ლამაზი, რათა არ ჩაეწვათ იგი. ეს უცნაური სურვილი ახლა ტანჯვად ქცეოდა, რადგან ის მართლაც ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი და სწორედ ამიტომ იგი ასანთებად არ უყიდიათ, და ახლა, როცა ასე სურდა ანთება, იცოდა, რომ არასოდეს აანთებდნენ, მაშინაც კი, თუ ოთახში ვინმე შემოვიდოდა, სანთელს კი ანთება სურდა ვნების ცეცხლით, ანთება და დაწვა. სურდა სიბნელის ოცნებად ქცეულიყო. საკუთარ თავში ახლადჩასახული ოცნების ახდენაც ხომ ეს იქნებოდა! მას ხომ არასოდეს უგვრძვნია ასეთი რამ? მან ხომ არ იცოდა, რა იყო ნამდვილი ვნება...


ბედნიერი იყო სანთელი, თან _ უბედურიც...

ბედნიერი იყო სიბნელეც და _ უბედურიც, რადგან ისღა სურდა, სანთელი ენახა, ერთხელ მაინც ენახა სანთლის ცეცხლოვანი ცეკვა და ეგრძნო მისი მხურვალება, მოესმინა მისი მგზნებარე ხმა ანთების ჟამს... მაგრამ...


სინათლე და სიბნელე ერთმანეთის ოცნების ახდენას ლამობდნენ...


სიბნელე კვდებოდა, ისე სურდა ენახა სამყარო, ენახა სინათლე, ენახა სწორედ ამ სინათლის ხორციელება და ვნებიანი კაშკაში. სანთელი მზად იყო, მას სურდა სიკვდილი სიბნელის გასხივოსნებისთვის.


სიკვდილი” _ შფოთავდა ეს სიტყვა სიბნელის გონებაში და სულს უსუსხავდა


სანთელი ტიროდა მშრალი და მწარე ცრემლებით, რომელმაც ასანთიც კი შესძრა _ იგი მზად იყო ნაპერწკალი ეჩუქებინა სანთელისათვის, ოღონდ ჯერ მისთვის უნდა მიეგნო ამ სიბნელეში.....


სიბნელეც ტიროდა მშრალი და მწარე ცრემლებით, იწვოდა სურვილით, იწვოდა ოცნებით, მაგრამ არ შეეძლო სანთლის სიკვდილი.


გამოიგლოვა სანთელმა თავისი აუხდენელი ოცნება და სიყვარული...


გამოიგლოვა სიბნელემაც თავისი აუხდენელი ოცნება და სიყვარული და მეგობრობა აირჩია. ძალა მოიკრიბა, სანთელი დაამშვიდა და მოეხვია, მოეხვია კი არა, შემოეგარსა და საგულდაგულოდ გადამალა თავის უბეში, რომ ვერავის ვერასდროს მიეგნო მისთვის.


_ არ არსებობს სიბნელე, რომელიც არ განათდება. არსებობს სანთელი, რომელსაც არასდროს აანთებენ. და რადგან არ არსებობს სიბნელე, რომელიც არ განათდება, ეს სიბნელეც განათდება ოდესმე, სრულად ან ნაწილობრივ, იქნებ ისეთი ვნებით არა, როგორც ეს სანთელს შეეძლო, მაგრამ... მაინც განათდება. თუმცა მთავარი ეს არ არი. სიყვარულისთვის მსხვერპლშეწირვა ბუნებრივია, მაგრამ სიბნელემ სინათლის სიცოცხლე არჩია მის ცეცხლოვანი სიყვარულსა და ამასთან _ საკუთარი ოცნების ასრულებას. სანთელს მხოლოდ სხეულის ფასად შეეძლო ცეცხლოვანი ვნების ყიდავა, მაგრამ ვნებაც კი არაფერი იყო იმ გრძნობისთან, რაც მათ ერთმანეთთან, აკავშირებდა.


სიბნელეს აღარ სურდა განათება, მით უმეტეს სხვა შუქით.


სანთელმა იცოდა, აღარასოდეს აინთებოდა, მასში ამ სიბნელემ ჩანერგა თავგანწირვა და მას შეძლო უარი ეთქვა მთელ სამყაროზე და დაეწვა თავისი ლამაზი სხეული ამ სიბნელისთვის, მაგრამ სიბნელემ ვერ მიიღო მისი სიცოცხლე მსხვერპლად, რადგან ყველა ოცნებაზე მეტად უყვარდა სანთელი.


და დარჩა სანთელი სიბნელით შემოგარსული, დარჩა ერთ დიდი სახლის ერთი მიუგნებელი ოთახის ერთ მივარდნილ კუნჭულში. დარჩა უბეში სანთელჩაკრული სიბნელე და დარჩა მათი ბედნიერი უბედურება ფურცელზე, სადაც იყო და არა იყო რა.




უბრალოდ


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ჭიაყელა _ მხიარული და თან ფიქრიანი, მოფუსფუსე და მეოცნებე. უყვარდა ყველაფერი, რაც მის ირგვლივ იყო, უყვარდა და შეჰხაროდა. უყვარდა კოხტაობა, ალბათ ამიტომ ამოირჩია საცხოვრებლად ერთი ლამაზი და დახვტერილი ქვა თეთრი ხალებით.


ჭიაყელას უყვარდა მიწის სითბო და ქვის სიგრილე. უყვარდა ყველა და ყველაფერი ირგვლივ და ეგონა, სამყაროში ცუდი არა იყო რა, მაგრამ მისი გულუბრყვილობა ერთ წამში ტკივილად იქცა, როცა... როცა უეცრად მიწა იძრა, მისი სამალავი მოწყდა ნიადაგს და სადღაც გაგორდა. ჭიაყელა ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. შეშფოთებული ამოძვრა მიწიდან და ტკივილს ტკივილი დაემატა _ ის ხე, რომლის ჩრდილიც ასე უყვარდა, ის ხე, რომელიც მთელი წლის საზრდოს აძლევდა, ფოთლებს თუ ნაყოფს უმარაგებდა, მოეჭრა ვიღაც უგულოს, წაექცია და მიათრევდა. ჭიაყელას ასეთი ელდა არასოდეს უგრძვნია


დარჩა ჭიაყელა უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ, რაც მთავარია, უერთგულესი მეგობრის _ დიდი ტყის პანტის გარეშე.


არა და, ზამთარი ახლოვდებოდა, ჭიაყელა ვეღარ მოასწრებდა ახალი ბინის აშენებას, თუმცა ამაზე არც კი ფიქრობდა, რადგან ტკივილისა და გაოგნებისგან ვერ გამორკვეულიყო.


ვინ იცის, რამდენ ხანს იქნებოდა ასე ფიქრებგამქრალი და გაშტერებული, ტყის ქათამი რომ არ გამოჩენილიყო საიდანღაც და ნისკარტი არ მოეღერებინა მოვარდისფრო ჭიისათვის, რომელიც სწორედ რომ გემრიელი ლუკმა იქნებოდა მისთვის.

თავგადარჩენის ინსტინქტმა თავისი ქნა და ჭიაყელა ისევ ჩაძვრა მიწაში, განსჯა არც დაუწყია, იქ გული მოუბრუნა, გონებაც მოაბრუნა სააქაო ფიქრისკენ და როცა დამშვიდდა, პირველად მოუვიდა თავში აზრად ისეთი სახლი ეძებნა, რომელსაც იოლად გადამალავდა ხოლმე ფოთლების სიღრმეში და დროდადრო, სურვილისამებრ, ადგილსაც მოუნაცვლებდა.


...მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ზამთარი ახლოვდებოდა და პატარა ვარდისფერ ჭიაყელას, რომელსაც, სხვათა შორის, არცთუ ლამაზი სახელი _ ლოკო _ ერქვა, უკვე სციოდა და ფიქრის დრო არ ჰქონდა.


ლოკო მცირე ხან ჩაფიქრდა და გაახსენდა სამყურა ბალახი, რომელმაც ათასგვარი დაავადების მკურნალობა იცოდა. ლოკო მასზე ჭკვიანს არავის იცნობდა, ამიტომ მას შესჩივლა, მას უამბო გულის წადილი... სამყურას კეთილმა გულმა ჭიაყელას სურვილი რომ მოისმინა, - შენ სახლის ზურგზე მოკიდება ხომ არ გინდაო, _ გაეხუმრა. ჭიაყელას კი უცებ მართლა მოუნდა კუსმაგვარი ყოფილიყო. ისიც კიFიფიქრა, იქნებ სადმე მიტოვებულ ჯავშანს მივაგნო და იქ დავსახლდეო, მაგრამ გაახსენდა, რომ ძალზედ პატარა იყო და აბა, კუს ჯავშანთან რა ხელი ჰქონდა ასეთ ციცქნასა და უღონოს?


სამყურა ბალახი მართლაც ბრძენი იყო, მარტო მედიცინა როდი იცოდა, დაამშვიდა ლოკო და უთხრა:


,,პატარავ, ბედი გქონია, სწორედ რომ შემოდგომითYუნდა დაადგე იმ გზას, რომელსაც ახლა გასწავლი... რომელიც კეთილ ჯადოქართან მიგიყვანს... ჯადოქართან, რომელიც ნატვრას აგისრულებს... ატვრას, რომელიც მართლა გულით გწადია’’...


ასე უცნაურად საუბრობდა ბრძენი სამყურა და, ცოტა არ იყოს, ჭიაყელას გაუჭირდა კიდეც ამ დიდი წინადადების დანაწევრება, მაგრამ ბრძენს ხომ არ შეაჩერებდა?!


,,სწორედ რომ დროა, _ აგრძელებდა სამყურა, _ სწორედ რომ შემოდგომაა საჭირო გზის გასაკვლევად, რადგან შემოდგომა ფერადოვანია... რაგანდ შემოდგომას ყვითელს ეძახიან... მაგრამ შემოდგომით წითელ ფოთლებსაც ნახავ... სწორედ წითელფოთოლა ხეებს უნდა გაჰყვე მზის მიმართულებით _ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. დღე ასე ივლი, ღამით კი მთვარის სიგრილეში დაგეძინება და ძალას მოიკრებ... ძალა დაგჭირდება, რადგან ბევრ განსაცდელს უნდა გაუძლო, თორემ სურვილს ვერ აგიხდენს ჯადოქარი... და დაზამთრებამდე უნდა მოასწრო! ყველაფერი ხომ კარგად გაიგე?’’


ლოკომ ვერაფერი გაიგო, მაგრამ ყველაფერი დაიმახსოვარა; ყველაფერი დაიმახსოვრა, მაგრამ ვერ გაიგო, სადამდე ან როდემდე უნდა ევლო, მაგრამ... ბრძენს კითხვა ვერ შეჰკადრა, მადლობა გადაუხადა და წამოვიდა, თან გულში იმეორებდა: ,,წითელი ფოთლები”... ,,აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ”... ,,ძალები მჭირდება”, ,,განსაცდელსაც უნდა გავუძლო!...”


ჭიაყელამ კი არც კი იცოდა, რა იყო განსაცდელი, რადგან არასდროს განუცდია, სანამ სახლს დარგავდა. ეს ყველაფრი კი თავისთავად განსაცდელი იყო, რადგან ლოკო ობლად დარჩენილიყო ცასა და მიწას შორის და უმისამართოდ მიდიოდა სადღაც, სადაც მისი ოცნება უნდა ამხდარიყო - თავშესაფარი სურდა, თავშესაფარი, რომელიც განუშორებელი იქნებოდა მისგან.


...აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიუყვებოდა წითელფოთლოვან ხეებს, ვინ იცის, რამდენი დღის უსმელ-უჭმელი... კიდევ კარგი, რომ მზე აღარ იყო მწველი. ჭიაყელას ნაზი კანი მიწის სინოტივეს იყო ჩვეული, მზე კი კაწრავდა სიცხით. მალე ვარდისფერი ყავისფერმა შეცვალა, მაგრამ ლოკოს გარეგნობა აღარ აღელვებდა, - ,,უნდა გავუძლო!” - და მიდიოდა....


იქ, ძველ ადგილას, ლოკო ყველას უყვარდა და ისიც არავის ერიდებოდა, თვით ნიბლია ჩიტებსაც კი არ უფრთხოდა, რადგან იცოდა, ისინი ჩასაყლაპად არ გაიმეტებდნენ. მხოლოდ ტყის ქათმისა ეშინოდა, ერთი-ორჯერ ჩახედა მას ბრიალა თვალებში და მას შემდეგ სიფრთხილეს იჩენდა, მაგრამ ეს იქ... აქ კი...


უკვე დაღლილი, მოწყურებული, კანგადამსკდარი, ნირშეცვლილი, ყავისფერი ლოკო ყოველ წუთს სიკვდილს ეთამაშებოდა: გუშინ გარეულმა ღორმა კინაღამ რკოსთან ერთად შეახრამუნა; დღე არაქადგამოცლილი კინაღამ ჯაგებიდან გამოვარდნილმა დაფეთებულმა კურდღელმა გასრისა; ამას წინათ კი... ოჰ, გახსენებაც საშინელია! - ლოკოს ბალახში ჩაეძინა და ის იყო ჩიტს უნდა აეკენკა, მეორე ჩიტი გამოჩნდა და ერთმანეთში რომ კინკლაობდნენ, მათ წრიპინ-წრიპინზე გამოეღვიძა... დაქანცულმა ჭიაყელამ ძლივს აითრია წელი რომ მიწაში მიმალულიყო.


ბევრი იარა ლოკომ... ვინ იცის, რამდენი ხედა ბუჩქი გაიარა, წითელ ფოთლებს მიჰყვებოდა... ტოტები ნელნელა შიშვლდებოდნენ... საცაა უკანასკნელი ფოთოლი ჩამოიძინებდა მიწის მკერდზე და... მერე? რაღა უნდა ექნა ლოკოს, უსახლკაროდ, უთვისტომოდ, ამ უცხო ქვეყანაში? უკან წასასვლელი გზაც კი არ იცოდა... კეთილი ჯადოქრის ამბავიც ვის აღარ ჰკითხა, მაგრამ ერთი და იმავე პასუხს იღებდა: ,,მაგ ზღაპრების ვიღას სჯერაო, - ირონიულად ჩაიცინებდნენ, ხელს ჩაიქნევდნენ და გაივლიდნენ, ლოკო კი იმედს არ კარგავდა, იმეორებდა: ,,უნდა გავუძლო!”


...და აი, უკანასკნელი ფოთოლი მოწყდა ხეს, თავზე დაემხო ლოკოს და ერთი ამოიკვნესა. პირველად მაშინ ამოიკვნესა ლოკომაც, რადგამ მიხვდა, რაღაც დამრთავდა, რაღაც კი არა, გზა... მაგრამ იმედი არ დაუკარგავს, სწამდა, იპოვიდა თავშესაფარს და ბედნიერი იქნებოდა. დაე, ამისთვის გაწვალებულიყო, დაე, ლოდინით დაღლილიყო, - ფიქრობდა ლოკო და თვალწინ თავისი კოპწიაობით სავსე სახლი ედგა.


მაგრამ ახლა გადარჩენაზე უნდა ეფიქრა... ლოკომ ერთ შემხმარი ხის ფესვებში მყუდრო ადგილი შეარჩია და ცოტა ფოთოლ-ბალახი, ხილ-კენკრისა თუ მისთანების ნარჩენები მოიმარაგა ზამთრისთვის.


ზამთარი გრძელი იყო, მაგრამ ყინვები არ დაიჭირა და ლოკო სეირნობდა ხოლმე თავის სახელდახელო საცხოვრებლის მახლობლად. კანი უკვე გაუხეშებოდა და მარტო მზეს კი არა, სიცივესაც უკეთ უძლებდა. მზე უკვე კიდეც უყვარდა და მის დანახვაზე მიწაში ჩაძრომა და სინოტივის ძებნა აღარ უწევდა. ეგ იყო, ძალიან მოწყინდა მარტოობა, ყველა ენატრებოდა, ვინც ძველ ადგილას დატოვა.


აქაც გაიჩინა ნაცნობები, მაგრამ გული მაინც ვერავის გადაუშალა. თითქმის უხმოდ დაიარებოდა, მუდამ ფიქრებსა და ოცნებებში გართულს არც გარეშენი აქცევდნენ დიდ ყურადღებას. ლამის დაავადდა სევდით, სიჩუმით და მარტოობით... და ვინ იცის, ეს როდემდე გასტანდა, ან ლოკო სადამდე გაუძლებდა, რომ არა...


ერთ მზიან დილას ლოკომ მეტადა უცნაური რამ იპოვა. ეს ერთი შეხედვით უშნო საგანი ლოკოს თვალში ლამაზად ჩახვეული ბუდე იყო, ოგონდ რისი ან ვისი? - ეს ლოკომ არ იცოდა. გაიკითხა, მაგრამ ბევრი ვერაფერი გაიგო. მოგეეხსენებათ, ყველა თავის საქმითაა დაკავებული, ყველას თავისი თავი ადარდებს და სხვებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, მით უმეტეს - ხილის გამოხრულ კურკას თუ რაღაც რქის ნატეხს, რომელიც რომელიღაც ფრინველს უპოვნია უცხო მხარეში მოგზაურობისას და სატრფოსთვის მოუტანია თურმე. სატრფოს დაუწუნებია, განაწყენებულ მიჯნურს კი გადაუგდია და როგორც დავარდა, ისე უძრავად ეგდო მთელი წელი. ისე კი ყველა კინას ეძახდა, რადგან თუკი ჯოხს ან კენჭს შემოჰკრავდით, ასეთ ხმას გამოსცემდა: ,,კნ.. კნ.. კინ, კინ, კინაააა....”


ჭიაყელას დღითიდღე უფრო და უფრო მოსწონდა ეს უჩვეულო რამ, შეძვრებოდა შიგ და მარტოობის დარდს იქარვებდა. იცოდა, არავინ უყურებდა, არავინ უსმენდა და გულისნადებს ამოაფრქვევდა ხოლმე, თითქოს ვიღაცას უყვებოდა სადარდებელს... იცოდა მეთქი, იცოდა კი არა, ეგონა...


ლოკო დაუსრულებლად ლაპარაკობდა, ხანდახან კიდეც მღეროდა, ზოგჯერ მხიარული ამბებიც ახსენდებოდა და გულიანად კისკისებდა ხოლმე. ასე გახდა კინა მისი თავშესაფარი და დარდისა თუ სიხარულის უნებლიე გამზიარებელი. და მას შემდეგ დრო კი არ მიიზლაზნებოდა, როგორც ზამთარში იცის, არამედ გადიოდა, კი არ გადიოდა, მიჰქროდა. ჭიაყელა თითქმის აღარ შორდებოდა კინას და თანდათან უფროდაუფრო ლამაზი ეჩვენებოდა მისი ყვითელ-მოყავისფრო ჩახვეული ზოლები, მისი მბზინვარე თაღი. აქ სიმშვიდეს გრძნობდა ლოკოს დაღლილი სხეული და რაც მთავარია, ლოკო ბედნიერი იყო, ისეთი მშვიდი და ბედნიერი, როგორც არასოდეს _ ახლა მას მეგობარი ჰყავდა, მართალია უტყვი, მაგრამ მაინც მეგობარი!


ლოკოს გაზაფხულმა გაახსენა აქ მოსვლის მიზეზი, თუმცა წასვლა აღარც კი ახსოვდა და აღარც ეხალისებოდა. მაინც მოემზადა, ან რა მომზადება უნდოდა? საგზალიც კი არ სჭირდებოდა. მაგრამ რაღაც აწუხებდა, დარდობდა, აფორიაქებდა, ფეხებს უბორკავდა. რა? - ვერ ხვდებოდა. გული მეტად რომ დაუმძიმდა, ჩახვეულ კინას მიაკითხა და მის უბეში ატირდა. ისე ტიროდა, რომ ცრემლები გარეთ გასვლას ვეღარ ასწრებდნენ და გუბდეოდნენ და რატომღაც სქელდებოდნენ, ბლანტებოდნენ და ავსებდნენ სივცეს ჭიაყელასა და უცნაურ თაღს შორის. უცებ ლოკომ იგრძნო, რომ ვიღაცის შრიალა ხმა (ზღვის ტალღების მსგავსი) მის ტირილს უერთდებოდა. ეს ხმა ამშვიდებდა, მაგრამ ლოკო შეკრთა. შეკრთომას გაოცება დაემატა, რადგან ლოკომ იგრძნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი აღარ ტიროდა, სხეულზე ვიღაცის ცრემლები ეღვრებოდა, ბლანტი წებოვანი, თბილი და ამ ცრემლებით ოკოს გულში იკრავდა. გულჩახვეული და გულდახურული კინა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მარტო იყო, ახლა მარტოობას ვეღარ უძლებდა, მარტოობას კი არა, ლოკოს გარეშე ყოფნას. კინა ჩურჩულებდა, ტიროდა და ბლანტი ცრემლებით გულში იკრავდა ლოკოს. ოკოც ტიროდა, მაგრამ ეს ცრემლი უკვე ბედნიერებისა იყო და არა მწუხარებისა. ლოკო მიხვდ, რომ ოცნება აუხდა, უფრო მეტიც, მას ასეთ რამეზე არც უოცნებია _ მფარცელი, მეგობარი, თავშესაფარიყველაფერი ერთად იპოვა. ლოკო მიხვდა, რომ მართალი იყო ბრძენი სამყურა, როცა დრო არ დათქვა და მანძილი არ მონიშნა და ისე გაუშვა კეთილ ჯადოქართან. ლოკომ ყველა წესი დაიცვა, ყველაფერს გაუძლო, იმედი არ დაკარგა, ,,ჯადოქარი’’ კი იქ ყოფილა, სადაც არ ელოდა.


ყველას უკვირს, როგორ კვრის ლოკოკინას სხეული ნიჟარას ასე მჭიდროდ. თქვენ იცოდეთ, რომ ეს კინას ცრემლებია. სიარულისას დარჩენილი თეთრი ლაქები კი - კინას ცრემლების მარილიანი ვალი. ეს ბედნიერების ცრემლებია!