суббота, 21 ноября 2009 г.

ნიკო-მარის





















* * *

მინდა ვიჯდე, წინდას ვქსოვდე,
წინდა იყოს თქვენი სარგო...
ეს სურვილი ღმერთმა გულში
როდის დარგო?

იქნებ ადრე? იქნებ გუშინ,
როს ჩავაგდე დარდი არად,
ჩემი სული ყვავილებით
დაიფარა...

ერთის ნაცვლად უცებ მერგო
შოკოლადის ორი ფილა.
ეს ცხოვრება ისე ძუნწიც
არ ყოფილა!

მინდა ვიჯდე, წინდას ვქსოვდე,
იყოს სწორედ თქვენი სარგო,
ვადიდებდე, ჩემს წიაღში
ვინაც დაგრგოთ...














* * *
გისმენთ და ვხედავ ხელისგულებით
როგორ დადიხართ გადაბმულები,
როგორ დადიხართ, დამოგზაურობთ
და მოლოდინი დაგაქვთ ზღვაური...
მე მუდამ ხელისგულებით ვისმენ
თქვენს ყოველ ნაბიჯს 
და თუკი ვისმეს
ძალუძს იცოდეს თქვენი ფიქრები,
უპირველესი დღეს მე ვიქნები..





* * *
მარიამი _ ნეკოდენა,
ნიკოლოზი _ ცეროდენა...
საჭმელი რომ გაუმზადეს
როგორ ჭამონ ამოდენა?
ერთი ტირის, ანჩხლობს, დაობს,
თვალს ცრემლები არ გორდება,
მეორე კი ჩუმად არის,
თითქოს რაღაც აგონდება...















* * *
მატრაჭელა გოგო ვარ,
მარიამი მქვია,
დავიბადე ჩემს ძმაზე
შვიდი წუთით გვიან.
მართალია, დამასწრო
და სიგრძეშიც გამასწრო,
მაგრამ აწი, იცოდეთ,
არ დავუთმობ არასდროს 



***
ჩემო პატარა ქალაო,
ვისწავლოთ ანა-ბანაო,
განი, დონი და ენი და
ვინი, ზენი და თანაო,
ერთი, ორი და სამი და
თითები ვთვალოთ თანაო,
ვიკითხოთ, ვწეროთ, თან ვხატოთ,
გავისეირნოთ ხანაო,
ვეღარ გაჯობებს ნინია,
ვეღარ გაჯობებს ანაო.




***
მარიამს ჰკითხეს: ვისი ხარ,
გოგო, ასეთი ლამაზი?
ისე, არც დაფიქრებულა,
ყველას მიუგო: მამასი!
მამა ორი წყრთით იზრდება:
მადლობა უფალს ათასი!..
ქალი და ვაჟი მეზრდება _
ჩემი მზე, ჩემი ალამასი.




* * *
თვენახევრის კაცი ვარ,
უკვე უნდა ვიმარდო.
შენ დაწყნარდი, მარიამ,
არაფერზე იდარდო,
შენს მუხლმაგარ ძამიკოს,
დროა საქმე მიანდო.
...ტირილსა და ღნავილში
ვერავინ შემედრება,
როცა მშია, ვერ ვუსმენ
დედაჩემის ვედრებას.
ხან არ გვყოფნის საჭმელი,
ხან ზომაზე მეტია...
ხედავ, კაბა გიყიდეს,
შენ კი არ ჩაგეტია!
ხან ძალით გვაძინებენ,
ხან საჭმელს გვაძალებენ,
მძინარეებს პირს გვბანენ,
რას აღარ გვაბრალებენ...
ჩაცმა, ჭამა, დაბანა,
ლოგინში გამწესება _
გადამღალა ძალიან
აქაურმა წესებმა.
დროა, ხმა ამოვიღოთ,
ვთქვათ კი არა, ვიყვიროთ,
იქნებ ჩვენი ხმაურით
მოსვენება ,,ვიყიდოთ’’...
როცა მარტო დავრჩებით,
მოდი, მელაპარაკე,
ხანაც მე მოგიყვები
იმქვეყნიურ არაკებს...
...ასე ეჩურჩულება
ნიკოლოზი მარიამს.
მარიამი კი უსმენს
ჩურჩულს, როგორც არიას.
არასდროს დაარღვევენ
მუცლადყოფნის ალიანსს!




* * *
ამ ჩვენს პატარა მარიკოს
ძალიან უყვარს ძამიკო,
ერთი კაკაც რომ იპოვოს,
უნდა გაუყოს ნიკოლოზს.
ნიკოსაც მეტი რა უნდა?
მხარს ყველაფერში აუბამს _
თუ მარი ტირის იტირებს,
იცინის, თუ ის ტიკტიკებს.



ძილისპირული

- რატომ ცუღლუტობ, ნიკოლოზ, რატომ არ გინდა ძილიო?
აკი, ამბობდი: მე ვარო დედედოს ტკბილი შვილიო?!
- რა ვქნა, მარიამს სიზმარში მოწონებია შველიო,
შველი გაურბის და მე კი მის დაჭერაში ვშველიო :)
- მარიამ, რატომ არ გძინავს, რად არ უსვენებ ძამიკოს?
- მე ვიძინებდი, დედედო, მაგრამ ნიკოლომ ამიკლო.


Комментариев нет:

Отправить комментарий