суббота, 21 ноября 2009 г.

პანტუმი-ტრიოლეტი











მოკლე პანტუმი

ცრემლი შემიმშრალე სულის,
მოდი, ამიმაჭრე გრძნობა!
ვერა, ვერ ვერევი სურვილს,
მტკივა ოცნებების გმობა...

მოდი, ამიმაჭრე გრძნობა,
მზე რომ ჩაიხრჩობა ნისლში...
მტკივა ოცნებების გმობა...
ისევ უმიზეზოდ გიცდი...

მზე რომ ჩაიხრჩობა ნისლში,
ფიქრებს უშენობა უვლის...
ისევ უმიზეზოდ გიცდი,
ცრემლი შემიმშრალე სულის!



ზამთრის პანტომიმა

მოულოდნელად გავცივდი ხმაში,
მოულოდნელმა სიჩუმემ გამცა.
მე მიღალატა ცრემლმაც, ოხ, მაშინ,
შენგან ნასროლი გუნდა რომ ამცდა.

მოულოდნელმა სიჩუმემ გამცა...
გაფითრებული ქუჩა კიოდა...
შენგან ნასროლი გუნდა რომ ამცდა,
იმ გუნდის ყველა ფიფქი მტკიოდა.

გაფითრებული ქუჩა კიოდა...
სანუგეშებლად ცისკენ ვიწევდი...
იმ გუნდის ყველა ფიფქი მტკიოდა
და მის ნამსხვრევებს ვაკოწიწებდი...

სანუგეშებლად ცისკენ ვიწევდი,
სიყვარულს ცრემლად ვდიოდი გამქრალს
და მის ნამსხვრევებს ვაკოწიწებდი,
ვეომებოდი დარდების ამქარს.

სიყვარულს ცრემლად ვდიოდი გამქრალს
და უდარდელის როლის თამაშით
ვეომებოდი დარდების ამქარს.
მოულოდნელად... გავცივდი ხმაში...



უბრალოდ პანტუმი

სულის სიმშვიდე მონისლული მეგანგაშება...
არაფერია თურმე ქვეყნად გარდაუვალი...
და ოცნებების თვალზე ცრემლი სანამ გაშრება,
მომეჩვენება, რომ სიკვდილსაც გადავუვადდი...

არაფერია თურმე ქვეყნად გარდაუვალი...
სულზე მემსხვრევა ლურჯ ცრემლებად ღრმა უბედო ცა...
მომეჩვენება, რომ სიკვდილსაც გადავუვადდი,
სევდის ნაეკლარს დაიტირებს ეს უბე როცა.

სულზე მემსხვრევა ლურჯ ცრემლებად ღრმა უბედო ცა...
ხსოვნას წუთები ავიწყდება დაუვიწყარი...
სევდის ნაეკლარს დაიტირებს ეს უბე როცა,
ფიქრს ჟრუანტელად გაოცება დაუვლის წყნარი.

ხსოვნას წუთები ავიწყდება დაუვიწყარი...
შენ დამიფარე, ოცნებაო, მესასწაულე!!!
ფიქრს ჟრუანტელად გაოცება დაუვლის წყნარი,
თუმც ამ ცხოვრების ულმობლობას მე სად წაუველ?

შენ დამიფარე, ოცნებაო, მესასწაულე!!!
ლურჯი ფრინველის შემიძლია, განა, გაშვება?
თუმც ამ ცხოვრების ულმობლობას მე სად წაუველ,
სულის სიმშვიდე მონისლული მეგანგაშება...


არასრული პანტუმი

ჩემს აბორგებას ოცნებებს უკმევ...
სევდა ბავშვივით გამომეტირა.
და შენთან ყოფნის სურვილი უკვე,
უკვე მთლიანად ჩემზე მეტია.

სევდა ბავშვივით გამომეტირა...
ცრემლებს უგულოდ გავემარტოვე...
უკვე მთლიანად ჩემზე მეტია
შენზე ლოცვანი... დარდო, დამტოვე!

ცრემლებს უგულოდ გავემარტოვე...
შემომეწნება სულზე სიმშვიდით
შენზე ლოცვანი... დარდო, დამტოვე!
ძალო ოცნების, გვედრებ, მიშვილე!!!





* * *

თოთო წამში ბორგავს საუკუნე.
აფართქუნებს ქარი ფრთების აფრებს.
ვებრძოლები დარდის საუკუნეთს,
წამი გრძნობის იალქანებს არხევს...

აფართქუნებს ქარი ფრთების აფრებს,
აიცრემლა ქუჩა გუბეებად.
წამი გრძნობის იალქანებს არხევს,
მეტმასნება სულზე გაუგებრად...

აიცრემლა ქუჩა გუბეებად...
ძარღვში სისხლად მონატრება მივლის,
მეტმასნება სულზე გაუგებრად...
ფიქრის ვეღარ ვუძლებ დამფრთხალ ლივლივს...

ძარღვში სისხლად მონატრება მივლის,
აბღავლებულ დარდებს წავუყრუე...
ფიქრის ვეღარ ვუძლებ დამფრთხალ ლივლივს...
თოთო წამში ბორგავს საუკუბე...



* * *

ეჭვის კენჭით მოკირწყლულა სანაპირო
და გულაღმა მწოლიარობს ეჭვზე ტალღა.
სივრცეებზე სული უნდა ვანადირო,
მომეკიდა ბახუსივით სანამ დაღლა...

და გულაღმა მწოლიარობს ეჭვზე ტალღა,
რიარიობს ნადარდალი, ნაავდრალი...
მომეკიდა ბახუსივით სანამ დაღლა,
აწიოკდა სულში გრძნობის ნაღვერდალი.

რიარიობს ნადარდალი, ნაავდრალი,
გუბეებად ჩამომსკდარი წვიმა გრძნობის...
აწიოკდა სულში გრძნობის ნაღვერდალი,
როგორც ლოცვა, როგორც ლოცვა სულნაღრძობის...

გუბეებად ჩამომსკდარი წვიმა გრძნობის
ქარის სულზე იშრობს სოველ ცისფერ არფებს...
როგორც ლოცვა, როგორც ლოცვა სულნაღრძობის,
ანაღელვი გრძნობა ფოფრავს ვნების ფაფრებს...

ქარის სულზე იშრობს სოველ ცისფერ არფებს
მღვრიე ტალღა... გაინაბა სიზმრისპირი...
ანაღელვი გრძნობა ფოფრავს ვნების ფაფრებს...
ეჭვის კენჭით მოკირწყლულა სანაპირო...



უგრძესი პანტუმი
ანუ
ტალღებად მღელვარე პანტუმი

გადაივლის ზამთრის თეთრი შეჩვენება,
ჩამოთოვლავს ნაძვი წიწვის წამწამებს.
შენ თუ გთაფლავს გაზაფხულის მოჩვენება,
გულცივობის ცილს მე ნუღარ დამწამებ...

ჩამოთოვლავს ნაძვი წიწვის წამწამებს,
გაივსება მზით გრძნობების საწნახელი...
გულცივობის ცილს მე ნუღარ დამწამებ,
ვერ დამიპყრობ თუკი სულის განამხელით...

გაივსება მზით გრძნობების საწნახელი.
ქარში ,,ჯვარულს’’ იცეკვებენ მუხები...
ვერ დამიპყრობ თუკი სულის განამხელით,
ოცნებების ფერვით ნუ შეწუხდები!

ქარში ,,ჯვარულს’’ იცეკვებენ მუხები
და აიყრის აღვირს სისხლის რუთა ნება...
ოცნებების ფერვით ნუ შეწუხდები,
თუმც გიყვავებს ჩემი სულის რუდუნება...

და აიყრის აღვირს სისხლის რუთა ნება,
ქარს გაჰყვება მონატრების მანდილი.
თუმც გიყვავებს ჩემი სულის რუდუნება,
გეპარება ფიქრში დარდი უნდილი...

ქარს გაჰყვება მონატრების მანდილი
და ცრემლებიც დაფარული, უხილავი...
გეპარება ფიქრში დარდი უნდილი,
აბორგდება როცა სულში უხვი ლავა...

და ცრემლებიც დაფარული, უხილავი
ნაღვენთ დღეებს მანტიებად მიასხი...
აბორგდება როცა სულში უხვი ლავა,
გადაივლის მარტოობის გნიასი...

ნაღვენთ დღეებს მანტიებად მიასხი
დაღონება... თოვა როცა შეჩერდება,
გადაივლის მარტოობის გნიასი _
გადაივლის ზამთრის თეთრი შეჩვენება.



მოგრძო პანტუმი

ტანზე მეტმასნება ხმაური ქალაქის,
სულში საოცარი დუმილი თარეშობს..
ქარი _ დანამთვრალი, ღრუბლების დალაქი
ზეცის დალალებზე ბავშვივით თამაშობს.

სულში საოცარი დუმილი თარეშობს...
სურვა, შესუდრული ბლონდებით, ჩადრებით
ზეცის დალალებით ბავშვივით თამასობს...
მძუხრის ამოუცნობ ფიქრეთში ვვარდები.

სურვაშესუდრული ბლონდებით, ჩადრებით,
ჩუმი შარიშურით გრძნობებზე მეჭდობი.
მწუხრის ამოუცნობ ფიქრეთში ვვარდები:
ხომ არ შემიყვარდი?! _ თითქოს და ვეჭვდები.

ჩუმი შარიშურით გრძნობებზე მეჭდობი.
ტირის მარტოობა ღვთისმშობლის ხატივით..
ხომ არ შემიყვარდი?! _ თითოქსდა ვეჭვდები, _
ძნელი სათქმელია და თანაც მარტივი.

ტირის მარტოობა ღვთისმშობლის ხატივით..
ჩემი მონატრება ხატივით უტყვია...
ძნელი სათქმელია და თანაც მარტივი,
თუმცა, ამ ჩემს სათქმელს ცრემლებიც გეტყვიან...

ჩემი მონატრება ხატივით უტყვია...
(ტანჯვა უმეტესი დუმილზე არ არის!)
თუმცა, ამ ჩემს სათქმელს ცრემლებიც გეტყვიან...
ტანზე მეტმასნება ხმაური ქალაქის...


ღამის ტრიოლეტი

მეხუტება საალერსოდ ღამე,
აილესავს გრძნობის დანა პირებს...
არ მისრულებ თუმცა დანაპირებს,
მეხუტება საალერსოდ ღამე...
ოცნების ზღვით დარდი დავიამე
და დავნებდი მაგ მკლავთა ნაპირებს.
მეხუტება საალერსოდ ღამე,
აილესავს გრძნობის დანა პირებს.


ტრიოლეტის გაოცება

ფიქრი ისევ გამიტირდა ფოთოლცვენებით
და რატომღაც, კვლავ ბავშვივით მეფერებიან...
ქარი წვიმებს მისაჩუქრებს მე ფერებიანს...
ფიქრი?... ისევ გამიტირდა ფოთოლცვენებით...
უმიზეზო დარდით დავალ სვენებ-სვენებით.
ბავშვობიდან ოცნებები მეფეთებიან...
ფიქრი ისევ გამიტირდა ფოთოლცვენებით
და რატომღაც, კვლავ ბავშვივით მეფერებიან...



ისევ ტრიოლეტი

სული შენს ლანდებს ზვერავს
მოგოგნებათა ტევრში _
თეთრი იების მტვერში
სული შენს ლანდებს ზვერავს...
ვეღარ გავუძელ მზერას...
ლაპალაპებს ზამთრის ეშვი...
სული შენს ლანდებს ზვერავს
მოგოგნებათა ტევრში.


უცნაური ტრიოლეტი

სიჩუმისცრემლებნაღაპღაპარი
ბორგავს წყვდიადი,
თმენადიადი
სიჩუმისცრემლებნაღაპღაპარი...
იმედად ბნელში, სიყრმის ზღაპარო,
ამომზიანდი!..
სიჩუმისცრემლებნაღაპღაპარი
ბორგავს წყვდიადი...


თეთრი ტრიოლეტი

მყიფე თოვაში გადამტყდარი დღეთა ბროლება
მომეგონება შენზე ნატვრის ნაფცქვენებიდან.
ტკივილებიდან იმზირება წელმოკაკვული,
მყიფე, თოვაში გადამტყდარი დღეთა ბროლება...
დრო იცურცლება შემოდგომის თაიგულივით,
დრო შეჩვენებას მალე თმაში თეთრად ჩამაწნის...
მყიფე თოვაში გადამტყდარი დღეთა ბროლება
მომეგონება შენზე ნატვრის ნაფცქვენებიდა.




ტრიოლეტ-აკროსტიქი,
რომელიც ეძღვნება
სამსულსა

(ქალბატონმა შარლოტა კვანტალიანმა დაბეჭდა ,,კალმასობაში’’
2006 წელს და უწოდა ,,მისტიკური ტრიოლეტი’’,
რადგან 11 წლის მერე ამიხდა...)

სიამის ფეთქვა მუცელში ტყუპი,
ამოუცნობი დედური ღელვა...
მუქი ცხოვრების დაიწყებს რღვევას
სიამის ფეთქვა, მუცელში _ ტყუპი...
უცხო ფერების სამყარო უტყვი _
ლოცვად ნაგრძნობი ტკივილთა ხვევა _
სიამის ფეთქვა მუცელში ტყუპი,
ამოუცნობი დედური ღელვა...



1995 წელი



Комментариев нет:

Отправить комментарий