вторник, 1 марта 2016 г.

წყალდიდობა

....
წუხელის წვიმდა და წვიმაც წუხდა...
წვიმდა და წუხდა წუხელის ხევი..
ცუდი სიზმარი თბილისს აუხდა -
თითქოს ცა იყო გადანახევი...
გრგვინავდა გორა, ბორგავდა ძილში,
ლეგა ღრუბლები გრაგნიდა ზეცას...
დღეს კი... დღეს უკვე ცრემლს ნუ დამიშლი,
სულში ტკივილის წერილებს ვკეცავ...
გადანგრეული ალაყაფები...
გამოღრადნილი საძირკველები...
აღარ მოისმის ღრენა და ყეფა
ტანში სიჩუმის ძრწიან გველები...
წუხელის წვიმდა... არ იყო წვიმა
ზაფხულის ფერად სირმებით სავსე.
ზაფრა-ზრიალით, ელვა-ქუხილით
დელგმა დორბლავდა ივნისის თასებს.
(ვიღაცა იბრძვის... ჩვენ ძილით ვთვრებით!)
გლეჯდა ლეშტერი ასწლოვან ფესვებს
და ტალახიან, დალეწილ ფრთებით
ანგელოზებმა ეს წვიმა შესვეს...
ეძახდა თურმე ვიღაც საშველად
ვინმეს... რა იყო ხმა განწირულთა?
მშველელს მიაწყდა მიწა ნაშალი
და დატრიალდა ტალღა წრიულად...
ხელი ხელს ასცდა, ფიქრი კი- მიწას!
ვიღაცა ცხონდა... ვიღაც ფერხდება......
ქალაქი ფეხის წვერებზე იწევს
და ტანს ევლება ცოდვა დელგმებად...
საიდან ისმის მქისე შხუილი?...
თითქოს სიშავე სმენას ეხება...
მოულოდნელად ღრენით, ღმუილით
წამოიშალნენ მგლები, ვეფხვები...
ყმუოდა ღამე შავსისხლიანი...
შავჩოხიანნი, შავთავშლიანნი
ეგებებოდნენ ომახიანად
აცრემლილ დილას...
                      თითქოს გვიშლიან
გლოვას დადმნარი დედოზარები.
და ეს ლოდები და ეს ბზარები,
სადაც სიკვდილი დაიარება,
დღეს ჩვენთვის არის ის ზიარება,
რომელმაც უნდა განწმინდოს ერი.
ერი, რომელიც ცრემლითაც მღერის,
ერი, რომლიც რაღაცას ელის
გაშფოთებაშიც პატარა ღელის...
სასტკად წვიმდა... ახლა გულს გვითხრის
ძრძოლა-წრიალი დამფრთხალ აფთრების.
შიშიც გააფთრდა და ალბათ დიდხანს
შეგვეშინდება შავი ავდრების..
წუხელის წვიმდა და წვიმაც წუხდა.
წყალი ბორგავდა და ახლაც ისმის
დატყვევებული ტალღების ქუხვა....
ჩვენ როდი გვესმის წუხილი წვიმის...
წუხელის ქუხდა და წვიმდა უხვად...
წუხდა წკვარამში წაშლილი ხევი...
იქ, სადღაც ზევით, უფალიც წუხდა
და უხილავი გვფარავდა ხელი...

14.06 2015 ნინო ნასყიდაშვილ



****
წვიმა ძალიან მიყვარს,
ჩემს ცხოვრებას ჰგავსო -  უთქვამს ზოოპარკის მომვლელ ქალს, რომელიც ლომის ხახას გაურჩა და მერე წყალდიდომაბ იმსხვერპლა. ალბათ ამას ჰქვია ბედისწერა!

წვიმა ძალიან მიყვარს,
ის ჩემს ცხოვრებას ჰგავს...
მოდის და თითქოს გულსაც
მარგალიტებით რთავს...
წვიმას მოველი, როგორც
გლეხი, ვენახს, რომ რგავას...
წვიმაა თითქოს სევდაც,
წვიმაა თითქოს შვებაც,
ჩაიჟნება სულში,
ვინ იცის, რას არ შვრება...
ვინ იცის, იქნებ სწორედ
წვიმაა ბედისწერა!
რა მიმაწერა, თუმცა,
ბედმა არ ვიცი ჯერაც...



·        * * *
ვერე ბღაოდა,
როგორც ნადირი დამშეული,
ნადირი გაავებული,
სისხლით გაცოფებული
და სასიხლოდ იწევდა...
ვერე ბღაოდა და კლდეებს ლოკავდა,
ლოდებად მიანგრევდა..
ვერე აფთრობდა და
,,ვერაო’’ - უპასუხეს!
თბილისს ვერ გათელავ,
იმედს ვერ ჩაკლავო!
და მერე...
ტალახიანები,
ვერედალეულები,
გადარეულები
ღიმილის ბიჭები,
ტალახიანი თბილისის შვილები,
თბილი მზის შვილები,
თბილი გულის შვილები
ირეოდნენ ტალახში,
ქმნიდნენ სიყვარულის ჯაჭვებს,
თხრიდნენ სიკვდილის ნამუსრევს
ტალახიანი მიწიდან,
ადამიანთა გულებიდან...
იმ ტალახში ისვრებოდა თაობა
და ტალახი იყო ოცნებაზე ლამაზი...
ამბობდნენ:
,,მოვა სიკვდილი, შეხედავს
და შერხველი გაიარსო’’...
და აი...
მოვიდა სიკვდილი ისევ...
და შერცხვენილმა გაიარა,
როცა ტალახში ამოსვრილი
მზესიყვარული დაინახა!!!

ნიაღვარმა ყველაფერი წაიღო

სიკეთის და სიყვარულის გარდა!