суббота, 21 ноября 2009 г.

ლექსები-1

* * *
მე ბადე ვარ, შენ _ მაკრატელი
_ დასაჭრელად ვერ გამიმეტებ;
მე ბადე ვარ, შენ _ ქვა
_ ვერსად გამექცევი;
მე ბადე ვარ, შენ _ ჭა
_ არავის მოგაკარებ;
შენ ხარ ბადე?
_ სიამოვნებით გავებმები ამ ბადეში;
შენ ხარ ჭა?
_ სიმოვნებით ჩავიძირები შენ უფსკრულში...



* * *
ჩემს ხელებს შენი სხეული ახსოვთ,
ჩემს სხეულს _ შენი მზერის სიწვავე.
სხვას მე არავის მოვუშვებ ახლოს
და უშენობით მუდამ ვიწვალებ.

ჩემს სუნთქვას შენი სურნელი ახსოვს,
შენს თვალებს _ ცრემლი ჩემთვის ნადენი.
უსიერ ტყეშიც გავკვალავ ახოს
და ფიქრებს მუდამ შენკენ გავდენი.

მე მუდამ მახსოვს... მახსოვს? რა მახსოვს!
_ სავსეა ჩემი მეხსიერება
შენით! და ირგვლივ რაც უნდა ნახოს,
სულ დავიწყების ქარში ერევა.

შენთვის, შენ გამო, შენგან, შენითვე
ვკვდები და ისევ უმალ ვცოცხლდები.
შენ შენი სულით ჩემს შეენივთე
და ამით უკვე აღარც ვოცდები.

თუნდ გულს მოგაწვდი შიშველ ხელებით,
სმენას დავიხშობ, თვალებს დავივსებ,
სუნთქვას დაგითმობ, მწველს, გახელებით
შენთვის, შენ გამო ისევ და ისევ!



* * *
დავობს წვიმა,
ნელა-ნელა წვიმს.
ანჩხლობს მარტი,
იქნებ კიდეც ითოვოს...
თოვლი მოჰგავს
ნამცეცს, ოღონდ წვრილს,
ოღონდ თეთრს და...
(ოღონდ არ დაამთავრო!)


ნელა-ნელა
დანებდება მარტს
ის ფიქრებიც
ამაღამ რომ დამღლიან.
ნაბიჯ-ნაბიჯ
თავს დამატეხს ხვარტს,
ოღონდ შენგან,
ოღონდ შენით მადლიანს.



* * *
გრძნობ,
როგორ გეფერები
ფეხსაცმლის თასმებზე?
ჯემპრის ბუსუსებზე?
ან როგორ ვითვლი
შენ მიერ ჩემკენ გადმოდგმულ ნაბიჯებს?
გრძნობ,
როგორ ვითბობ
შენს სუნთქვაზე
სუნთქვას,
სულს,
ხელებს?
გრძნობ,
როგორ მტკივა დამშვიდობება?
გრძნობ, როგორ მიმძიმს,
რომ დღე-ღამეში
24 საათია მხოლოდ
და აქედან ნახევარს ძილში ვატარებთ?
გრძნობ?
გრძნობ,
როგორ მავსებს საუბარი,
თუნდაც უბრალო?
გრძნობ,
როგორ მწიწკნის გულზე სიჩუმე
ანდა უბრობის გახანგრძლივება?
გრძნობ???
...ფეხსაცმლის თასმები
ყველაფერს გრძნობენ!


* * *
თანამედროვე
აკორდები მე აღარ ვიცი...
იქნებ მადროვო
დაღონება... ნუღარ დაფიცავ,

რომ დაღონება,
ზოგჯერ, თურმე კიდეც მიხდება.
თუკი გონებით
გადამსინჯავ, უმალ მიხვდები,

მიხვდები უწინ
ხახვი თვალებს რად არ მიწვავდა...
მე ფიქრის ყუნწი
შემრჩა ხელში, რადგან მიწამდე

წაგრაგნილია
შეგუების, თმენის ძაფები.
...როგორც ნიბლია
ვკრთები შორეთს დანაწაფები...


* * *
რატომ გაიქეცი?
რატომ მიბრაზდები?
რატომ გამებუტე?
სულში შეგრძნება მაქვს,
თითიქოს ია ვიყავ
და ქარს გავეპუტე.
თითქოს გამკიცხეს და
მწარედ გარინდული
მარტო დავეყუდე.
ქარით დარბეული,
სეტყვით დალეწილი
ვდგავარ მხრებდახრილი,
მესვრი სევდის გუნდებს.
შენ არ გიფიქრია,
როცა მიდიოდი,
იქნებ უცაბედად
ცრემლებს გავეგუდე...


* * *
სიხარულისგან ლექსებს არ წერენ!
და როცა წერენ:
,,ბედნიერი ვარ”,_
ეს ნიშნავს, სადღაც რაღაცა ტკივათ...

...უთუოდ რაღაც ტკიოდა უფალს,
როცა ამხელა სამყაროს ქმნიდა...



* * *
ისე ავირიე, საკუთარ თავს ძლივს მოვაგენი,
როგორც ტყეში ჩაკარგულ ბილიკს,
რომელსაც უკვე აღარ ატყვია ნაფეხურები,
რომელდაც უკვე ხმელმა ხავსმა გადაუარა,
როგორც დავიწყებამ,
როგორც სიჩუმემ,
რომელიც გვზარავს მარტოობაში,
რომელიც გვბზარავს,
გვაქუცმაცებს
და ისე გვფანტავს,
რომ საკუთარ თავს ვეღარ მივაგნოთ.


* * *
ოთახი განვძარცვე,
რომ ასე მძაფრად არ მეგრძნო
სულის სიცარიელე.
სათამაშოების დრო წასულა _
მე ახლა მივხვდი _
და კედლებიდან
სათითაოდ ჩამოვხსენი
ჩამომხრჩვალი მოგონებები
და იმედები _
სათამაშოები.
სათამაშოები მოქუჩდნენ
ჩემი ოთახის მიღმა
და თვალს მჭრის
კედლების თეთრი სიცარიელე...
ვგრძნობ,
როგორ ფეთქავენ დაღლილი კედლები
გულის...
ვგრძნობ,
როგორ სუნთქავენ
ცარიელი კედლები
მძიმედ...
დამთავრდა ის, რაც არასდროს დაწყებულა,
რადგან ყველაფერი ზღაპარი იყო.
ზღაპრები კარგად მთავრდება, მაგრამ
ზღაპრების დრო ამოიწურა!
და თუ დამთავრდა არყოფილი,
საიდან ამხელა სიმძიმე?!
რატომ ვგრძნობ სულის კედლების
თეთრ სიცარიელეს?!


* * *
შენ არ გჯერა, მაგრამ
დაიჯერო უნდა,
მეშინია!.. ვარამს
გული უფრთხის მუდამ...
მეშინია! ვარ ამ
მზენაციებ დღეში.
მეშინია _ თითქოს
შავი შიშის თქეში
ჩემში ხელებს ითბობს...
გალუმპულა შეშა,
ცეცხლი მინავლულა.
შიში მომეყინა,
როგორც მინას ლოლო...
და ვარვარებს რკინა _
ბედისწერის ლულა,
როგორც გახლეჩილი
ბროწეული სეტყვით...
უსიამო შიშის
ჩრჩილი მხრავს და გეტყვი:
შიში არ ღირს ჩირად,
მგრამ... შენ არ გჯერა!..



* * *
მინდა ცხოვრება გზად იქცეს,
ხელი ჩაგკიდო და ვიარო დაუსრულებლად,
მეტი თუნდ არაფერი ხდებოდეს, სულ არაფერი.
ხან ავტობუსში ვჯდებოდეთ,
თავს მხარზე გადებდე და ვიძინებდე;
ხომ შეიძლება, სულ ეს იყოს ცხოვრება?!




* * *
როცა შენს გარეშე ვარ, მარტო ვარ;
როცა მარტო ვარ, სანახევროდაც ვერ ვარსებობ,
უბრალოდ, ვსუნთქავ და სუნთქვაც მიჭირს.
და მაინც,
მარტო მაინც არასდროს ვარ, რადგან
შენ მეგულები ქვეყნად.


* * *
L
თვალი დაიღალა ცქერით,
გული დაიღალა ძგერით,
შიშით ვიყურები ცერად,
რომ არ მეგულები გვერდით.
ვერა, ვერ გავუძლებ ლოდინს,
ეჭვის გამაწამეს ხმებმა.
სულში სიმძიმეა ლოდის,
ღამე ზამბახივით ხმება...


* * *
მე ახლა მინდა, ხელით შეგეხო,
მე ახლა მინდა, ხელით დაგკოცნო,
მინდა ვუსმენდე შენი ხმის ექოს,
ვჭვრეტდე შენ სულში ატეხილ კოცონს.

მაგრამ წამება უფრო დიდია,
ვიდრე მოთმენა, ვიდრე გაძლება.
თითქოს ცხოვრება ყელზე მკიდია
და ველი, სისხლით როდის გაძღება.

შენი ხმისა და თვალების ნაცვლად
მე ხელში შემრჩა კალამ-რვეული.
ქარი ჩემ სულში ტკივილებს მარცვლავს,
დუმს ღამე წელში გადამსხვრეული...



* * *

რა ვაკეთო,
რას შევხედო,
რას შევეხო,
რომ არ გამახსენდე?!

რაზე ვიფიქრო,
რაზე ვიოცნებო,
რაზე ვიდარდო,
თუ შენზე არა?!


* * *

შენთან მინდა,
მაგრამ შენთან მარადიულად ყოფნის სურვილი
ნებას არ მაძლევს,
რომ შენთან ვიყო.



* * *
არის მომენტი,
როცა გრძნობ სიტყვების უკმარისობას
და აღარ იცი,
როგორ თქვა შენი სათქმელი...
არ არის სიტყვა,
რომ გამოხატოს,
როგორ მიყვარხარ...
მიყვარხარ _
თითქოს ხე ვარ
გაზაფხულით გაბრუებული,
თითქოს სხეულით ვგრძნობ,
როგორ ფეთქდებიან ჩემს ტოტებზე კვირტები...
ისე ძლიერი ვარ,
თითქოს მუხა ვიყო
ტოტებხშირი,
ფესვებძლიერი...
ისეთი თავაწყვეტილი ვარ,
როგორც მთის მდინარე,
კლდე-ლოდებს რომ მოანგრავს და მოაგორებს...
ისე უჩუმრად ვდარდობ,
როგორც ბარდნის ხოლმე ზამთრის ღამეში;
ისე ლამაზად ვფიქრობ,
როგორც ბუხარი ეფერება ზეცას დარდებით ასეთ ღამეში.
ჩემი სიყვარული გულუბრყვილოა
და ახალფეხადგმულ ბავშვსავით
დამფრთხალი და შეშინეული;
საკუთარი თავი რომ ვერ უცვნია,
საკუთარ ნაბიჯებს რომ ვერ ზომავს,
საკუთარ სხეულს რომ ვერ იმორჩილებს...
შენ ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ,
ვიდრე სიცოცხლე,
იმაზე მაღლა ხარ,
ვიდრე სიყვარული
და არ ვიცი, როგორ ვთქვა,
როგორ მიყვარხარ...




* * *

დამესიზმრე წუხელ თითქოს...
ეს სიზმარი ახსნას ითხოვს...

დაგინახე სადღაც მაღლა,
არ ვიცოდი რადგან დაღლა,

მოვირბინე... დამიჯერებ?
მიწას ფეხს არ ვაბიჯებდი...

უცებ გავჩნდით ისევ დაბლა,
მიწილადე კოცნის ტაბლა.

გვიყურებდნენ _ შევკრთი უცებ...
ამას ხომ არ გაიოცებ?

დავდიოდით აღმა-დაღმა...
ნეტა, გული რამ დანაღმა?..

...აი, ახალ სურათს ვხედავ _
რაღაც გინდა, თქმას ვერ ბედავ...

გამიშალა ქარმა თმები,
და შენ ჩემი თმებით თბები...

მერე, როგორც სიზმრად იცის,
მოჰყვა ქარი თითქოს სიცილს...

წვიმა ყრიდა მსხვილ-მსხვილ კურცხლებს...
ვითომ წიგნი გადაფურცლეს _

ვეღარ ვიცან არემარე,
თუ... მგონი... ხო, დაგემალე...

სადღაც გაქრი თითქოს მერე,
მაგრამ მე ვერ დავიჯერე...

საზაფხულო კაბის ნაცვლად
ტანზე მეცვა ფიქრთა აცმა...

ცად ყვავები აიშალნენ,
მეც წვეთებად დავიშალე...
ნეტავი რა დაგიშავე?!




* * *

ხსოვნას ვერ წაშლი. . . თვით მაშინაც კი,
როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები,
უცებ რაღაცას გაგხსენებენ
წვიმის წვეთები ანდა ფიფქები…

ხსოვნას ვერ წაშლი _ სადღაც, ოდესმე,
შუბლზე მონამულ ოფლის წვეთებად
იყივლებს გულში გადამალული
და დაგმანული სულისკვეთება. . .

ხსოვნას ვერ წაშლი (რადგან არ იცი _
იქნებ ვინც გახსოვს მასაც ახსოვხარ?). ..
გულს უფრო ფართოდ გაუღებ ტკივილს
და შეინახავ, როგორც სახსოვარს.. . .



* * *

მწვავე ქარი ქროდა გუშინ,
დღეს კი მხოლოდ წვიმა უშენს
და ლოდინით ათასგვარით გელი.
რა იქნება ხვალე ნეტა?
მეტს ვფიქრობ და მიკვირს მეტად,
ჩემი სულის სარკმელს როგორ მოაგენი...


Комментариев нет:

Отправить комментарий