среда, 19 февраля 2020 г.

2019-20

***
ორი დღის წინ თუ
ორი დღის უკან..
ორი დღის შემდეგ,
ორი დღის მიღმა...
და ალბათ ,,უკან"
არც კი არსებობს,
თუ პირისპირ ხარ
ორი დღის მიმართ...
წინ, წარსულისკენ!
და აწმყო უკან
რჩება მარადის
წამ-წუთის თვლაში,
ვინ შეაჩერებს?!.
რისთვის? როგორ? და
რით გაიხედნოს
დღებრუნვის რაში?!
თავს რით იმშვიდებ?
ტყუილს ვის აკმევ?
იმედობ რისად?
ან ვის-გან, ...-თვის, ...-კენ?!
ორი დღის წინათ,
და ცხრა მთის უკან
ბილიკ-ჭიუხი,
თუ შარა-შუკა
არარა იყო,
რაც კი იყო რა..
ცხოვრების ეტლი
მაინც მიგორავს ....
დღეს აღარავინ
არ ზომავს შედეგს,
არც ეფიქრებათ,
რა ხდება შემდეგ...



***
ის თუ იქ ბედნიერია,
მე აქ რად უნდა მწყინდეს?
თუკი გაუძლო სულსა და
ხორცში მოვარდნილ ყინვებს?!
ის თუ იქ ბედნიერია,
მტკიოდეს უნდა, რატომ?!
სხვისი ზამთარი ზაფხულობს,
ჩემი ზაფხული მარტობს...
თუკი გადარჩა ვიღაცის
სიყვარულ-კიდობანი,
და ნოეც იშვა ანაზდად -
სული ყვავილოვანი....
მე რატომ უნდა მეტკინოს,
მე რატომ უნდა მწყინდეს,
სადღაც ვიღაცის ცხოვრება
მზესავით რომ გაბრწყინდეს?!.
არც არაფერი მწყენია,
არც არაფერი მინდა...
უბრალოდ, მსურდა, გამეგო,
რაც სხვას ეგონა მწყინდა,
მინდოდა მისთვის მექსოვა
ფერად-ფერადი წინდა...
და რა მინდოდა, ვინ იცის
(ვის ახსოვს ფიქრის ფეთქვა),
რა მწყინდა ან რა მტკიოდა,
ან რა მინდოდა მეთქვა....
... მე საიდუმლო მეტკინა -
ბედნიერების მალვა,
თუმცა წყენა და ტკივილი
აღარ ადარდებს მავანს...
ის თუ იქ ბედნიერია,
მე რატომ უნდა მწინდეს?
ჩემს ნაცვლად ვინმე აჩუქებს
სითბოთი ნაქარგ წინდებს.



***
დრო აჩქარდა,
სივრცე დავიწროდა..
თითქოს უსასრულოდ ვკვეთთ ნულოვან მერიდიანს
და დღეებს ვკარგავთ....
ცხოვრება გადის ძილსა და სიჩქარეში
და ვერც ერთში ვერ ვასწრებთ ვერაფრს..
(გამოძინება უნდა მოასწრო,
მოღვიძება უნდა მოასწრო)
ძილშიც სიჩქარეა მთავარი სტატუსი...
სტატუსებს სიჩქარის გამო ვწერთ - გვგონია,
ვიღაცას რაღაცა
თუ ყველას ყველაფერი
ერთ წუთში ვუთხარით...
და გვრჩება ერთ წუთში ნათქვამი
უთქმელი სათქმელის წლობითი მარაგი...
დრო მიდის და ჩვენ კი
მშვიდად ვირინდებით
ბეტონის ხილვებში,
უდროოდ,
უსივრცოდ,
უფიქროდ,
უსიღრმოდ,
უგანცდოდ,
უგრძნობოდ
უფანჯრო კედლებში,
კედლებივით ვშეშდებით
და აუცილებლობით
ვხდებით ერთმანეთს კუთხეებში,
ვართმევთ ხელს,
ვუცვლით ღიმილს და რიელ სიტყვებს,
სიტყვებს, რომლებსაც დეკარგათ
გამარჯვების სურვილი და ენერგეტიკა..
... ხელს ვართმევთ აივნებს
(და არა მეზობლებს);
დროს ვართმეთ ოცნებებს,
სიზმრებს და სურვილებს;
და სადღაც ხრიოკში
ფართხალებს წყურილი ლაყუჩახეული...
სადღაც მდუმარება სუროჩახვეული
ფიქრისკენ გვიხმობს და უჩუმრად გვეძახის...
გავრბივართ,
ინსტინქტის კარნახით გავრბივართ,
მაგრამ ვერ ვშორდენით ქალაქის კარკასებს
და კარკასებივით გეგმებს
და გეგმებივით რუტინებს...
... დრო გაქანდა,
სივრცე გაიყოლა,
ახლა უსასრულო პიკის საათია....



***
შენ რომ ქვას წყალი გაადინე
და ყვავს კაკალი გააგდებინე...
შენ რომ სხვისი მოგროვილი
ქერის ორმოში ჩავარდი...
შენ რომ ქურქი გააძრე მელას,
შენ რომ ტყავი გააძრე რწყილს,
შენ რომ ხორცი გააძრე გაძვალტყავებულთ
და ვერც შენიშნე,
წელებზე ფეხებს როგორ იდგამდნენ...
შენ რომ ძვალი გააძრე უძვლო დროებას...
შენ რომ სული გააძრე ადამის მონაგარს...
,,იყავნ შენ სრული" გაგახსენდა და
სრულყავ განცხრომა;
,,გახსოვდეს სიკვდილი" გაგახსენდა და
ადგილი მოზომე
და ძეგლი აღიმართე;
 ,,ძმა ძმისთვისაო’’,- გაგახსენდა და
მოძმეს შავი დღე გაუთენე...
,,ითხოვე და მოგეცემა’’,-  
გაგახსენდა და რა არ მოითხოვე...
,,ქვაზე დადე" გაგახსენდა და
მარტო იქ დადე,
საიდანაც მეტს მოელოდი...
რა გაგახსენდა და
რა არ გაგახსენებია...
ალექსანდრე მაკედონელი არ გაგახსენდა???
ითხოვა,
ხელებგაშლილი დამკრძალეთო...
ნეტა, რატომ?!


იქნებ

ამოვიქოლეთ თვალები, ტვინი...
ამოვიქოლეთ ყურები ტინით...
ამოვიქოლეთ 
სმენა და ხედვა,
ამოვიქოლეთ სარკმელი ზეცის...
ამოვიქოლეთ ცხვირი და პირი,
ფილტვების გზებიც მშვიდად დავგმანეთ....
ყველა ჭიუხი, ყველა ბილიკი საგულდაგულოდ ამოვიქოლეთ...
ჩავაკარკასეთ ნაპრალიც სივრცის,
ჩავაცემენტეთ, ჩავაბეტონეთ
და უბატონოთ ხმას ვინღა გაგვცემს?!
....
ასი წლის მერე იქნებ ვიღაცამ 
გამყინვარებაგამოვლილ გულებს
მიაგნოს უცებ და გამოადნოს...
და იქნებ გულმა ისევ იგულოს..     








* * *

ახსოვს თეთრი აკაცია

და აპრილის თოვა

მახოვს როგორ გაგაცია,

სხვამ რომ ხელი მთხოვა.

 

 

ხალხურ მოტივზე

ვაჟი:

მაგ თმის ჩანჩქერში დავსველდე,

მაგ თვალების მზით დავიწვა!

ქალავ! შენს მეტი სხვა მსურდეს,

ზე მზე მრისხავდეს, ქვე - მიწა!

 

ქალი:

მთასავით ჩრდილმა მომხიბლა,

სიტყვებმა სუნთქვა დამიწვა.

მაგ მკლავთა ბორკილს ვებძროლო?

ზე მზე მრისხავდეს, ქვე - მიწა!

 

 

 

რა დრო გასულა!

 

უცებ მოხვედი, წახვედი უცებ

და ისევ მარტო დავრჩი ფიქრებთან.

მე რა მეგონა ან რა ვიცოდი,

უცებ თუ თავზე დამაფიფქებდა

წლები და დარდი?! და მარტოობა

შემომიმტვრევდა დარაზულ კარებს:

რაც გულში ქარგეს სიყრმის რტოებმა

ჟამი იმასაც დაასამარებს,

როგორც სურვილებს და შემართებებს,

როგორც ოცნებებს... და მე არ ვიცი,

რაღა მაშფოთებს, რა მემართება,

როცა ყურს ვუგდებ სიბერის სიცილს.

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий