среда, 19 февраля 2020 г.

2017

  
***
დავიღალე გამოცდებით,
                                დავიღალე....
და ვინ იცის,
სად რამდენჯერ ჩავიჭერი....
ბედიესწერის უფსკრულებს
                            ვინც გამოცდებით,
მომიყევით -
ტკივილები დამიამეთ!




* * *
ადაბუდა დაბუდა,
ნიკომ ძაფი დაბურდა,
გააცინა მარიკო,
სასაცილო რა იყო?
გააბრაზეს ბებია,
ძაფი მისთვის სდებია,
რომ ექსოვა წინდები.
ვისთვის? თავად მიხვდები.
აბდაუბდა დაბდურა,
ნიკომ ძაფი დაბურდა...
მერე ძაფი რომ გაწყდა,
ბავშვებს გული რომ დაწყდათ,
იტირეს, იწუწუნეს,
კერძებიც დაიწუნეს...
იწილო და ბიწილო,
არ იწვილო, წიწილო!..
შროშანო და გვრიტინო,
ნიკოლო, არ ატირო!
ეს ძაფები დაბურდა
ალბათ ვიღაც დაბუდამ..
თქვენ კი ჭრელ-ჭრელ ფაჩუჩებს
ბებო მაინც გაჩუქებთ!..



* * *
მეც ქართველი ვარ!
და რატომ გიკვირთ,
გულში ათასი დარდი რიალებს?!
დიდგორთან თეთრი სუსტი ნიავიც
ხმალამოწვდილი დაიგრიალებს.
იქნებ ხვალ სხვაგან ან აღარც ვიყო?
და განთიადი როცა იალებს,
კვლავ დავბრუნდები, ისევ აღვდგები,
ისევ დიდგორით ავიხელ თვალებს.




უახლესი ეპოქის ცილკლი

* * *
ზოგჯერ მეჩვენა,
ჩვენივე ღერძების გარშემო ვტრიალებთ
და გვავიწყდება, რომ სამყაროს ცენტერები არ ვართ
და კიდევ რაღაცის გარშემო უნდა ვტრიალებდეთ...
და თუ ეს რაღაც დავკარგეთ?
ან დაგვავიწყდა?
და თუ შეწყდა მიზიდულობის ძალა?
და თუ გაწყდა უხილავი ძაფები?
მაშინ რატომღა ვტრიალებთ ჩვენივე ღერძების გარშემო?
თავბრუსხვვისგან რომ გულები აგვერიოს
და დაუღეჭავად ჩაყლაპული პრობლემები ამოვარწყიოთ?
იქნებ გავთავისუფლდეთ
                       ფერუხვი ტოქსინებისგან?
იქნებ მოგვიდუნდეს
                       დაბოტოქსებული კუნთები?
იქნებ შეგვგრილდეს
                       გადამწვარ სულებში?
იქნებ მოგვილბეს
                       გაბოროტებული გულები?
იქნებ ...
იქნებ ვიპოვოთ, რაც დავკარგეთ?
                       ან დაგვავიწყდა?
იქნბებ დასრულდეს
უახლესი ეპოქის ციკლი?
იქნებ მოვრჩეთ საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალს!





უუდიდესი, უუცხოესი, უსასტიკესი

რის ნაპოლეონ, რა ბონაპარდი?
ვინ ალექსანდრე, რის მაკედონელი?
ვინ ყრუ და კოჭლი, ბრმა და უსისხლო,
ვინ ვინ და ვინ სად?!..
მაგრამ ვერავინ ვერ მოახერხა
დაეპყრო მსოფლიო მასავით -
უომრად, უტყვად, ურცხვად, უზადოდ,
უუცხოესი უბრძოლველი ხერხებით,
უმისამართო,
უსაფუძვლო იმედებით,
უმოკლესი, უზიგზაგო გზებით,
უხილავი ქსელებით,
უხილავი საცეცებით,
უხილავი კავშირებით...
ფიჭური, ხაზური, წრიული, კვადრატული,
ჰორიზონტალურ-ვერტიკალური,
ვირტუალური...
ქსელი წამალია,
ობობას ქსელიო, - ასე ამბობდნენ დიდი ბებიები...
და ქსელებს ეძებდნენ, ჭრილობებს აფენდნენ...
...ქსელებით შეფუთეს სულები, მზერები,
დაქსელეს ფიქრები, გრძნობები, გზნებები,
გატეხეს საკეტები, დალეწეს კლიტეები,
გამოთქვეს ყველაფერი - დაპოსტეს, დათაგეს...
ქსელებმა გადააბა სამყაროს ნაპრალები,
ქსელებმა ამოვასო ზღვები და სივრცეები...
ქსელებში წარღვნასავით მოთქეშდა გაორება,
ფრენდებში - მარტოობა, ფერდებში - სიცივე...
დაულაიქე და ყველასთან იცინე,
თუ იცან ნაცნობი, რა გიჭირს!
თუ მართლა ახსოვხარ, გახსოვდეს!
მაგრამ როგორ უნდა გაიგო -
ნაცნობს არ ახსოვხარ, უცნობი გილოცავს!
ქსელებმა ჭრილობებს უშველა?
არ ვიცი, შეცვლილან ქსელებიც...



იქსები
ქუჩაში დადიან ტვიქსებად,
ერთ ჭერქვეშ ხდებიან იქსები...
ლექსო მე რატომ მერემიქსები,
ანგელოზის მწამს, არა ვინქსების?
თითქოს უხილავი ჩართეს მიქსერი,
ადღვიბეს, აზილეს, გლისანდო-კიქსები,
ვირტუალ-ტორტები  -  ლაივში კექსები...
განქიქეს სოფლელი ბიჭის ლექსები,
სხვას კი გამოუჩნდა მეხოტბე-ქლესები,
აჩუქეს განა ტიტები, მესები...
და ჩემს გულს დაცენცილს მეებად ვესევი,
მაგრამ ვერ ვნაყრდები, მაგრამ ვერ ვივსები...
ქუჩაში დადიან ტვიქსები,
ანგელოზს ურჩევნიათ ვინქსები,
ერთ ჭერ ქვეშ ხდებიან იქსები,
თუმცა...
რა იქსები, ვინ იქსები.....





რა ეშველებათ…

რომ მოწყდეს სადღაც სივრცეებში გამორჭობილი
თანამგზავრი თავის ორბიტას...
რა ეშველებათ უსასოდ დარჩენილებს?
რომ მოწყდეს სადღაც სიცრცეებში
უხმოდ დაინთაქას,
რა ეშველებად უმიზნოდ დარჩენილებს?
რომ მოწყდეს ერთხელაც,
გაქრეს და ამით სახელი გაითქვას,
რა ეშველებათ ობლად დარჩენილებს,
უქილიკოდ, უკომენტაროდ, ულაიქოდ?
თუ ვერავინ დათადეგს,
თუ ვერაფერი გააზიარეს,
თუ ვერავინ მოიწონეს,
თუ ვერავის დააფრქვიეს ბოღმიერი ღიმილები...
თუ მიწა იძრა,
ხელს ჩაავლებენ ლეპტოპ-პლანშეტებს
და მინდვრებისკენ გაქანდებიან,
(თუ იპოვიან)...
თუ ზეცა იძრა?
და სულ ყველა თანამგზავრი აცდა ორბიტას?
რა ეშველებათ?
რა ეშველებათ??
რა გვეშველება???




თანამედროვე ზეცა

ცას ცალ ყურზე უკეთია საყურე,
გააყრუეს სივრცეები ვარსკვლავებმა.
ფილმს ვიყურებ, თითქოს ასჯერ ნაყურებს,
დამღლელია მოწყენასთან შებმა.

ცას ცალ ყურზე უკეთია საყურე...
არია მომხდარი და მოსახდენი.
არაფრობის ტაქტი ვეღარ დავურე
და ყრუ ბგერებს ალბათ სადმე გადავდენი.

რიტმებს, რითმებს, ლეგატოებს და ლიგებს
უცნაური ხმაურები აპაუზებს.
ვინ მოუსმენს ანდა ვინ დაალაგებს?
ქაოსები მოსწყურვიათ მუზებს...

ვინ მოუსმენს ზეცასა და ვარსკვლავებს?!
ვის ჭირდება ამ სამყაროს ანამნეზი?!
ძე კაცისა ყოველს მიმოამკვდარებს
განივთებულ-ქვახევებულ მზერით.

ცას ცალ ყურზე უკეთია საყურე,
ძველია და არ სჭირდება შეგუება.
ფიქრღიჭოში სამომავლოს გავყურებ,
კვლავ ხმიანობს ვარსკვლავების კრება.




სარკასტული ხვალ

იმ კვირაში სადღაც რომ აყვავდება საკურა,
იმ კვირაში ვიკეთებ შენს ნაჩუქარ საყურეს.
იმ კვირიდან მექნება იმიკი კლასიკური,
იმ კვირიდან არ შევჭამ ცომეულს და პიურეს.
ნიუტონი გავხდები ან მარია კიური,
მსურს ან პროფესორობა ან დიული იური?
მაკიაჟიც მექნება, კიდევ მანიკიური...
იმ კვირიდან განწყობა ხდება ,,ფანტასტიური’’!
იმ კვირაში დავფარავ კრედიტებსაც, ვალებსაც,
ეს ლიზინგიც წავა და ახალ სახლსაც გავლესავ.
აღარ გამახსენდება იპოთეკა-ყადაღა,
ოვერდრაფტი, ლომბარდი, პროცენტების გადახდა.
როდინობის კვირაში... ვინ მპირდება (მიკვირს!) რას!!!
ოთხშაბათი არ მაწყობს, ხუთშაბათი მიზიდავს...
იმ ორშაბათს...
                       იმ შაბათს...
                                        იმ პარასკევს...
                                                               იმ კვირას...
ვიწყებ ახალ ცხორებას მოულოდნელ სიზმრიდან.




***
მოულოდნელად გაგრძელდა თითქოს
არასებული დრო და მანძლი
მას და მას შორის...
უბრალოდ, უცაბედად, უნებართვოდ, უნებლიედ...
უბრალოდ მოენატრა მამას
ბებოს ნაკმაზი ღანძილი...
უბრალოდ...
სახე, გულწრფელი თვალებით,
ნათელი სიტყვა, არას ნაცვალები,
მარტივი შეხვედრა, მარტივად გაგება
გახდა უცაბედი...
დამოკლდა დღეები და
დაგრძელდა ღამეები
საუბრებში მეყსეულად გასულები.
და საბანში გასუსელებს
დაგვავიწყდა მონატრება...
გვემატება სიშორე და
იშმორება სიმარტივე გულგრილობის.
რა გათვალვა, რის გიშერი!
ვერ გიშველის განმარტება და ახსნები.
არარსებულ დრო-სივრცეებს,
სიცივეებს,
სიფითრეებს
ითვლი, როგორც საფეხურებს.



ახალი აპრილი

მტკვრის აღარ ისმის დუდუნი.
აღარაფერი ზღაპრული!
მარტი ვალებს არ უბრუნებს,
გადარეულა აპრილი.

რატომღაც მადლი დამლაშდა,
ხანაც გამწარდა მარილი.
მარტი ვერ მორჩა თამაშს და
გადარეულა აპრილი.

ღრუბელს, მზის სისხლით გალეშილს,
წვეთს შესთხოვს მიწა ქვაგრილი.
მარტი იხრჩობა ვალებში,
გადარეულა აპრილი.



* * *
მოდის დილა და
ალისფერს რაშებს მოაჭენებს ოქროს აღვირით.
ჩვენ კი რატომღაც დილა მწუხრის ხმაში აღვრიეთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий