среда, 19 февраля 2020 г.

2016

ბროწეულები ქარში
(ეს ნიკოს ფრაზაა, უფრო სწორად, ნახატის სატაურია... სწორედ ნიკოს ნახატმა შთამაგონა...)

ქარია...
თითქოს ბროწეულები
წვრილმაჯა ლერწებს
წუწუნით ხრიან...
,,გარეთ ატლასიო’’...
ფრიალებს ალები, ცეცხლები, სხივები....

ქარია...
,,შიგნით ათასიო’’-
დამძიმებულა გული
სათქმელით, სისხლით,
სისხლნაწურ ცრემლით,
ტკივილით, წყენით,
მოწყენით, სევდით...

ქარია...
მწიფე ბროწეულების
ატლასის ლექსებს    
თითქოს უწუნებს ქარი რაღაცას,
თითქოს გარბიან ქარში სადღაცა...
და ქარიც გარბის
დაწინწკლული ჩუტყვავილებით...

ბროწეულისფერ ფიქრში მეწვვი
წერწეტა ღამით
გულგაწვრილებულს...
ბროწეულისმსგავს ცეცხლში დავარწევ
უთქმელ სურვილებს,
რომ დაგეწიო...

წამოგეწევი სადღაც გზაწვრილზე
ბროწეულკოცონს - ბროწეულკოცნებს
გარს შემოგავლებ
და დავდუმდები
ბროწეულების ნათელ დუმილით...
და არ იქნება ქარი წივილა
და არ იქნება ტოტთა წუწუნი.
ამ წვას ან ამ წამს ვით დაიწუნებს
წამების ხანძრით გადაბუგული?!




იყო და არა იყო რა

ღვთის უკეთესი რა იყო?
სიტყვამ იგორა, იგორა...
და სადღაც გზები გაიყო,
იყო და არა იყო რა.

ფიქრმაც იგორა, გაიყო,
აღარც ის იყო, იყო რაც...
ნისლმა მონისლა, აიღო
ზღაპარქარგული ის გორაც.
                    იყო და არა იყო რა...

წელი წელწვრილი მიგორავს,
მძიმედ მიათრევს ხურჯნებს,
ვინ იცის, ვინ წუხს, ვინ შფოთავს,
დარდს გულს ვინ გაარუჯინებს...
                     იყო და არა იყო რა...

ღვთის უკეთესი რა იყო?
რა არის ღვთის უკეთესი?
ზეცაც შუაზე გაიყო,
კაცი კაცს ავს რომ უკეთებს...
              იყო და არა იყო რა...



მტკივნეული ძიება

გადშალი, გადმოშლი,
კითხულობ, ადარებ.
რაღაცას ამოშლი,
რაღაცა გადარდებს...

ასლები, პირები...
ეცნობი... ოცდები
ფერფუჭი პირობით,
გულგრილი მოცდებით...

რაღაც გა... ვიწყდება,
ვიღაცა გავიწყებს...
თითქოს მზე ვერ წვდება
ღრუბელების ლავიწებს...

ნეკნებად, ფერდებად
ჩაირბენ კიბეებს...
წვა აღარ გექნებათ -
სიცივეს იგემებთ...

ირღვევი... ირევი...
 შეშდები...ოცდები
ფერფუჭი პირობით,
გულფუყე მოცდებით...



გაუცხოება

უსეტყვესი სიტყვები,
უსეტყვესი მზერები...
უსეტყვესი - ,,გიტყდება?’’
სასტიკად მეზარება...

ბრმა და უტყვი გულები,
უტყვზე უტყვი სულები...
უსიტყვობა სრულდება
დარდით დაორსულებით...

მოარიდეთ მზერები!
მოარიდეთ გულები!
არ ღირს გაზიარება,
დარჩით დაგმანულები!



ჯუჯა ბროწეული

გარეთ თოვს და   
ჩემს რაფაზე ღელავს   
ბროწეული ღიმილივით ნათელი. 
არ ღირს მოცდა,
თუკი ისევ გტკივა,
თუკი გმინავს ღამე ფიქრანათალი...

არ ღირს ცოდნა,
არ აკეთებ თუკი!
რით უწამლებ გრძნობებს ფეხვეშ გათელილ?!.
სულშიც თოვს და
უდარდელად ელავს
ბროწეული ელვასავით ნათელი.




ტვინისრევა

იწყებ, ამათვარებ, ხელახლა იწყებ...
ტოვებ, დაგმანავ, თითქოს ივიწყებ...
ტინივით კედელს აწყდება ფიქრი,
ტვინში ქუხს სიცხე და სადღაც მიქრის...
ტორტმანებ, თითქოს ტივტივებს ტივი
და ტანში თითქოს სხვა ვიღაც ტირის...
იწყებ, ამთავრებ, ხელახლა იწყებ...
იხსნენებ, მერე ისევ ივიწყებ...
ატანს ძვლებშიც კი ეს ტვინისრევა,
გულისრევაზე უარესია!



ბებო, როგორ ხარ?
28.12.2016

არ გცივა, ბებო? მარტო როგორ ხარ?
დედა წუთითაც ხომ არ გტოვებდა?!
ოხერმა ფიქრმა დარდი მოროხა
და მოადინა ცრემლი ტბორებად...
შენს ასაკს, ბებო ეს არ უხდება,
როგორც სილურჯე მად დაღლილ ხელებს,
ბედისწერა კი უფრო რუხდება,
არ ვიცი, კიდევ რა გაახელებს...
მე არ ვყოფილვარ არასდროს მარტო,
შენ ხომ ყოველთვის ჩვენთან იყავი?!
და ეს წარსული დღეს ვეღარ მათბობს,
ზამთრის სიცივეც შენ გამიყავი...
ავდეკემბერი ეს მერამდენედ
გვიფატრავს ფილტვებს, გვიტოვებს ხსოვნებს...
დაედევნება (თითქოს დადენეს)
და დაერევავ კაჟებს და მხცოვნებს...
ნეტა როგორ ხარ? როგორ ხარ მარტო?
წუთითაც რომ არ გტოვებდა დედა!
ბედისწერაა დარდი რომ ართობს,
ეს დეკემბრებიც მან დაგვაბედა...





* * *
ეჭვი, ტკივილი ირევა შიშში
და ემუქრება იმედის ლიცლიცს.
ფიქრსაც კი თითქოს გიკრძალავს, გიშლის
და მოთმინების ფიალას გიცლის...
წონასწორობას მაინც რაღაცა
იცავს გულში და მთელს სამყაროში!
ეს ღელვა, შფოთი, მწარე განცდა და...
ბოდვაა შიშის წამონაროში...
მადლობა ღმერთო, სიყვარულისთვის!
სიხარულისთვის! სინანულისთვის!
ყველა მადლითვის და საცდურითვის,
მადლობა, ღმერთო განსაცდელისთვის!!!



Комментариев нет:

Отправить комментарий