вторник, 29 декабря 2009 г.

...რატომღაც...


რატომღაც

რატომღაც მომწონდა მე შენი დაბნევა,
მომწონდა ყელ-ყურზე მზერებს რომ მაბნევდი.
თვალებში არ ჩანდა ფიქრები თავნება,
არც ვნება...
და მაინც მომწონდა მე შენი დაბნევა...

...ხელები... ფეხები... საყურის სიმძიმე...
აწონე, დაწონე მზერით და ფიქრებით...
იქნებ სამუდამოდ ჩემს სულს მოემძივე,
როცა გააოცე სევდის დაფიფქებით...

ვიღაცა კითხულობს ცარიელ ასოებს...
ვიღაცას ეცნობა ფრაზები ნაცნობი -
რაღაცა აოგნებს, რაღაცა აოცებს,
ვიღაცას აგონებს სიტყვების ანცობა...

რატომღაც მომწონდა მე შენი დაბნევა,
მომწონდა ყელ-ყურზე სიტყვებს რომ მაბნევდი.
თვალებში არ ჩანდა ფიქრები თავნება,
არც ვნება...
ამიტომ მომწონდა მე შენი დაბნევა...


* * *

მე ვიცი ფასი სიტყვის და გრძნობის,

მე ვიცი, როგორ ღვივდება გზნება,

მე ვიცი, ვიცი,

სიჩუმის ძმობილს

რა გისახსოვრეს ტკივილის გზებმა.


დიახ, მე ვიცი... დიახ, მე მტკივა,

სწორედ იმიტომ, რომ კარგად ვიცი...

სევდის ფოთლები მცვივა და მცვივა

და იშვიათად ვახერხებს სიცილს.


დიახ, მე მტკივა... დიახ მე ვიცი

ეს ყველაფერი, არ მინდა ფიცი...

ხუმრობის მსუბუქ სამოსელს ვიცვამ,

რომ დავაოკო ფიქრები ფიცხი...


მე ვიცი ფასი გულწრფელი სიტყვის;

სიტყვაში როგორ ღვივდება გრძნობა;

და რასაც სეტყვა სარკმელთან იყტვის,

არ მიჭირს იმის მე გამოცნობა.


მაგრამ მე მაინც არ ვიცი, რა ვქნა...

როგორ?.. საიდან?.. რატომ და რისთვის?!.

და სულში ჩნდება ბურუსის ლაქა

მოუცნობი ჩემვის თუ სხვისთვი...


...და სანამ გული გულის მცნობს ნახავს,

ეჭვები ბევრჯერ აგიხირდება...

მე ისიც ვიცი, რა გიკარნახეს

გადამსხვრეულმა ფიქრის ხიდებმა.



* * *

რაღაც წავიკითხე,

გამეცინა...

ისე გამეცინა,

გამახსენდი...

ისე გამახსენდი,

გამიკვირდა...

თითქოს არ მახსოვდე სულ...


წუხელ ისევ თითქმის

არ მეძინა...

არ მეძინა - ფიქრით

ვთამაშობდი...

ვთამაშობდივითომ

ჩამეძინა

ამით ვიმშვიდებდი სულს...


ყველა გულისტკენა

მაპატიე!

მაპატიე, ვითომ

არ ყოფილა...

შეძლებ, ისევ გულში

დამიტიო?

შეძლებ, მაპატიო?

თუ...






* * *
ნათქვამმა, სათქმელმა, უთქმელმა
დაკარგა ფასი და არსი...
ერთია თხმელა და ურთხმელი...
არსად გასაქცევი, არსად!!!

ვეღარსად, ვერასდროს, ვერვისთან
ვეღარ ვიგულწრფელებ ალბათ...
არ მესმის, რას ამბობს მერმისი...
დარდებს თავს დავუკრავ მდაბლად.

კივილი, წყენა და წუხილი,
თვით სითბოც მი
ეს თამაშად...
რომ არ მძინებია წუხელის,
რაა გასაკვირი ამაში?!

სულელი ვიყავი ნამდვილი,
ყველაფერს გულით რომ ვგრძნობდი.
მიტომ გამიმეტე ადვილად?!
გულის არ გცოდნია ცნობა...

არ მინდა თვალებში ჩაგხედო!
ვიგრძნო ის, რაც ვიცი უკვე...
ჩემში ტკივილები თავხედობს
და შენ ამ ტკივილებს უკმევ...

უკვე ვინ გგონივარ, არ ვიცი...
არ ვიცი, ვინ ვარ და რა ვარ...
დაცდა?.. არა, მე ვერ დავიციდი,
ისედაც ანარეკლს გვაგავარ...

გწყენოდა?
არ მსურდა არასდორს!
გტკენოდა?
მდომოდა რატომ?!
დიდმა მწუხარებამ გამსუდრა...
უკვე ა
არაფერს ვნატრობ...




* * *
მისი არ მესმოდა არასდროს?!
არასდროს ესმოდა ჩემი?!
მეტი რაღა უნდა გამანდო?!
ჩუმად, მწუხარებავ, ჩუმად!

ღიმილთან თუ უნდა გამყარო,
სიჩუმეს მოვირგებ კაბად...
შენით მე ვიპოვე სამყარო
და ახლა ყველაფერს ვკარგავ.

არ მშველის თვალების დახუჭვა -
სიმართლე მიკაწრავს გუგებს...
ტკივილი
დმექცა ნაჭუჭად,
ამ ნაჭუჭს ვერავინ უგებს...

ოცნებას და ნატვრას გამყარე...
მოვირგე უბრობის ქარგა...
შენით მე ვიპოვე სამყარო
და ახლა ყველაფერს ვკარგავ...

შენ თვლი - არ მესმოდა არასდროს;
მე ვთვლი - არ გესმოდა ჩემი...
მეტი რაღა უნდა გამანდო?!
ჩუმად, ს
ნანულო, ჩუმად!



* * *
არ ვიცი, თუ რატომ...
რით დავიმსახურე...
მარტო ვარ... მთლად მარტომ გავკვალე წუხილი...
და სევდის მსახურებს რითმებად ასხმულებს
ცრემლები ასკდებათ ჭექით და ქუხილით.

რით დავიმსახურე
ტკივილი ამხელა???
გადამხდის სახურავას ვიღაცა შეშლილი,
არ-რის დამნახველი, ვიღაცა ავხელი
და დელგმა გამლუმპავს მარცვლებად დაშლილი...…

რით დავიმსახურე?..



* * *
სიზმრისათვის საყვედური როგორ გითხრა?
მაგრამ მტკივა ყველა აზრი, ყველა ფიქრი...
ნასათუთევ განცდას ბაგე გაუფითრდა
მოულოდნელ ავდრისაგან დანაფიფქი.

გაავდარდა სულში... ყინვამ ააკივლა
უმიზეზოდ გაშლილ კვირტთა თავხედობა...
ეს ეჭვები, ეს რისხვები, ეს გაკილვა
დავივიწყო?!.
როგორ?..
როგორც ავბედობა?..

დავივიწყო?..
მაგრამ უკვე ნაფიქრია...
ნათქვამია, ნაგრძნობია, ნაგვემია..
ღიმილები სანთლებივით ჩაგვიქრია...
ძილ-ღვიძილი ერთმანეთში აგვრევია...

სიზმრისათვის საყვედური როგორ გითხრა?!
მაგრამ მტკივა ყველა ფიქრი, ყველა აზრი...
ნასათუთევ განცდას ბაგე გაუფიცხდა,
თითქოს გულში სატევარი ჩასცეს ბასრი...



* * *
არ ვიცი, ასე გავძლებ სადამდე,
ან ვის მივაწვდენ ამ ხმას...
ვცდილობ, როგორმე გადავსადავდე,
ავშორდე თუნდაც ცნობისმოყვარე თვალების ხამხამს...

არ ვიცი, ასე გავძლებ სადამდე!
რა მეშველება მარტოს!
როგორ მოვმართო აზრთა სადავე,
რომ ჩემი სუნთქვაც სევდარეულმა სიტყვამ განმარტოს...

არ ვიცი, ასე გავძლებ სადამდე,
როცა მაისიც მარტობს;
როცა ზამთარი თითქოს გასამდა –
იანვრებით და თებერვლებით და სუსხებით ,,მართობს''...

არ ვიცი, ასე გავძლებ სადამდე...
გაურკვევლობა მათოვს...
ან გაისამდე... ან აისამდე...
ჯერ კი ტკივილი ახალ-ახალი ბურუსით მათრობს...

არ ვიცი, ასე გავძლებ სადამდე!..




* * *
ისევ თოვს... ნეტა ზამთარი
ასე რამ გააგულისა?!
ვარ ლოლო მზეზე დამდნარი,
მეკვლე ხარ ჩემი გულისა!

ძილისპირული შვება ხარ
დარდებით დაბარგულისა.
რიჟრაჟზე ფიქრებს მოკვალავ,
მეკვლე ხარ ჩემი გულისა!




* * *
მთის იქით კიდევ მთაა და
გორს იქით კიდევ გორია...
მოვალ, მოვდივა... შენამდე
დღითიდღე უფრო შორია.

ზღვა და ზღვის იქით – ხმელეთი,
ხმელეთზე კიდევ ტბორია...
შენკენ მოვიწევ... შენამდე
მით უფრო მეტად შორია.

ვითომ სურნელობს საწუთრო,
მაგრამ მაინც რომ შმორია!
მოვდივარ... მო... ვერ მოვედი!
შენამდე ძლიერ შორია.


Комментариев нет:

Отправить комментарий